მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერმა გიორგი ბერიშვილმა, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ბენეფიციარმა პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში, გრანტის სახით, 60 000 ლარი მიიღო და 1 400 000 ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. მეურნეობაში 11 ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მესაქონლეობის ფერმა მოინახულეს და ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე. სასაქონლე მეურნეობაში, ამჟამად, 150 დეკეული და 45 სული მერძეული მაღალპროდუქტიული ჯიშის ძროხაა. სამომავლოდ, ფერმერი საქონლის შემოყვანას ესტონეთიდან გეგმავს. 2020 წლის მარტში ფერმაში, ჯამურად, 300 სული მაღალპროდუქტიული მეხორცული და მერძეული ჯიშის ძროხა იქნება. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური თანადგომით, „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 16 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა, რძისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები და სასათბურე მეურნეობები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მცხეთაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით აშენებული მესაქონლეობის ფერმა მოინახულეს
16/02/2020