ხელისუფლების წარმომადგენლებმა რომანაძეების ოჯახი მოინახულეს

04/01/2017

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან და ქობულეთის საკრებულოს წევრ ნათია თხილაიშვილთან ერთად სოფელ აჭყვისთავში რომანაძეების საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. რომანაძეების 7 წევრიანი ოჯახი მიწისძვრის შედეგად 2012 წელს დაზარალდა. მრავალსულიან ოჯახს სახლის მშენებლობისთვის 2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 28 000 ლარი ჩაერიცხა. პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა, რომელიც თუნუქით გადაიხურება, ასევე ჩაისმება კარ-ფანჯრები. სოციალური პროგრამის მიზანი სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო, რომლის განხორციელებისთვისაც 1 211 570 ლარი დაიხარჯა. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ასევე მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის კომპენსაციები გაიცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0