საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი მოსიძე და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბაზალეთის, საკრამულის, საშაბუროსა და ვარსიმაანთკარის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნენ. მათ, ადგილობრივებთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს.
უახლოეს პერიოდში დასრულდება ამბულატორიის რემონტი ბაზალეთში. ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელში არსებულ საბავშვო ბაღს. მიმდინარეობს საშაბუროს გაზიფიცირება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახი მომარაგდება. რეაბილიტაცია უტარდება წყალმომარაგების სისტემას საშაბუროში. მოასფალტდა საკრამულისა და ჩანადირთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ასევე, მიმდინარეობს შიდა გზების კეთილმოწყობა ვარსიმაანთკარში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობები ბაზალეთში, საშაბუროსა და საკრამულში და განხორციელდება გარე განათების მონტაჟი ვარსიმაანთკარში.
შეხვედრებზე ერთობლივად იმსჯელეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე. მოსახლეობამ ძირითად საჭიროებებად საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების გაუმჯობესება დაასახელა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღო. ღია შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს
25/09/2019