ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყაზბეგის მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და სოფელ ყანობის ახლადაშენებული ხიდი მოინახულეს

30/08/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და პარლამენტის დეპუტატები – მირიან წიკლაური და ლევან კობიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – ყანობის, გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, სოფლებში შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. მათ სოფელ ყანობში ახლადაშენებული ხიდი და ხიდამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზაც მოინახულეს. კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეუზღუდავად შეუძლია. ყანობში რამდენიმე თვის წინ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც აშენდა. აღსანიშნავია, რომ სოფელში საბავშვო ბაღს მანამდე არასოდეს უფუნქციონირია.
ასევე, დაგეგმილია სოფლების – გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორისციხის ამბულატორიას. მიმდინარეობს სოფელში არსებული საჯარო სკოლის რემონტიც. კეთილმოეწყობა სკვერი სოფელ ფხელშეში. უახლოეს პერიოდში დაიწყება რიტუალების სახლის რეაბილიტაცია სოფელ ტყარშეტში.
შეხვედრებზე მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებზეც ისაუბრა. ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღების მშენებლობა დასახელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მხარდაჭერა აღუთქვეს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებზე და პროექტებზე.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0