ხელისუფლება უვადო პატიმრობამისჯილ პირებთან დაკავშირებით პატრიარქის მოწოდებაზე იმსჯელებს

21/03/2016

მმართველი გუნდი პატრიარქის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც უვადო პატიმრობის წესის გადახედვას შეეხება, მსჯელობას გეგმავს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ხელისუფლება უკვე მუშაობს ისეთ ცვლილებებზე, რომელი უვადო პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ეხება.

“ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია პატრიარქის, საქართველოს სულიერი წინამძღოლის, მისი უწმინდესობის განცხადება. ვფიქრობ, ეს ძალიან საყურადღებო თემაა, რამდენადაც კარგად ვიცნობ სამუდამო პატიმრობამისჯილთა მდგომარეობას, მათ სამართლოებრივ სტატუსს, ძალიან ბევრ ადამიანთან მქონია შეხვედრა და საუბარი. ვფიქრობ რომ საჭიროა ამ წინადადების განხილვა”, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამუდამო პატიმრობის დროს სასჯელი კარგავს თავის აზრს, თუ მსჯავრდებულს არ მიეცემა შესაძლებლობა, ცხოვრების რაღაცა ეტაპზე მაინც მოიპოვოს თავისუფლება.

“მოიპოვოს თავისუფლება იმისთვის, რომ დაამტკიცოს – ამ სასჯელმა თავის მიზანს მიაღწია თუ არა, ანუ ადამიანი გამოსწორდა თუ არა. ჩვენ შევამცირეთ მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების განხილვის შესაძლებლობა 5 წლით, ანუ უვადოდ მისჯილი თუ მოიხდის 15 წელს, მას შეუძლია მიმართოს ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის გადასაწტყვეტად შესაბამის ორგანოს”, – დასძინა ბესელიამ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მუშაობს ცვლილებებზე, რომელიც ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს ეხება და რომლითაც დღეს მოქმედი კომისია სასამართლოს კონტროლის ქვეშ მოექცევა.

“სწორედ ეს კომისია იღებს დღეს პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილებას, მათ შორის უვადოდ მისჯილ პატიმრებთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0