ხაშურში მდინარე სურამულას კალაპოტის წმენდა მიმდინარეობს

27/08/2020

ხაშურში მდინარე სურამულას კალაპოტის წმენდა მიმდინარეობს. სამუშაოებს მთლიანად მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 425 594 ლარს შეადგენს.
„როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე სამუშაოები ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება, მდინარე იწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და ა.შ. ტარდება კომპლექსური ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვანია, როგორც სტიქიის პრევენციისთვის, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამით ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საქმე კეთდება ჩვენი ქალაქისათვის”-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძე. მათი განმარტებით, იწმინდება სურამის ტბიდან, მტკვრის შესართავამდე არსებული მონაკვეთი.
ხელშეკრულების პირობით, მდინარე სურამულას კომპლექსური წმენდა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0