ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები გრძელდება

21/01/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კრებები გაიმართა კრისხევში, ხცისში, მიწობში, ახალშენსა და წრომში, სადაც წრომელ მოსახლეობასთან ერთად, პატარა ყელეთის დიდი ყელეთის, ნადარბაზევის და იმერლიანთკარის მოსახლეობაც იმყოფებოდა.
„მისასალმებელია მთავარობის გადაწყვეტილება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები თავად საზღვრავთ პრიორიტეტებს და ჩართულები ხართ მთელ რიგ პროცესებში. თქვენს სოფელში უახლოეს პერიოდში იწყება გაზიფიცირების სამუშაოები, 1 100 000 ლარით ფინანსდება გზების რეაბილიტაცია, რასაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს. ყოველივე ეს თქვენს საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. “ -აღნიშნა კრისხევში მოსახლეობასთან შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.
კრებების მიმდინარეობისას გამოიკვეთა პრიორიტეტები. კერძოდ, კრისხევის მოსახლეობამ პრიორიტეტად წყლის სისტემების მოწესრიგება დაასახელა, ხცისის მოსახლეობამ უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია, მიწობის მოსახლეობამ წყლის სისტემების მოწესრიგება, წრომის მოსახლეობამ სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა, ნადარბაზევის მოსახლეობამ არტეზიული ჭის მოწყობა და შიდა გზების მოხრეშვა, იმერლიანთკარის, დიდი ყელეთის, პატარა ყელეთის, ახალშენის მოსახლეობამ გზების მოხრეშვა.

პროცედურის თანახმად, მოსახლეობამ არჩევანი კენჭისყრით დააფიქსირა. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
მნიშვნელოვანია რომ, არსებობს შერჩეული პროექტების თანადაფინანსების შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიდან.
კრებებს, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0