ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრები ბეკამში, ცოცხნარაში, ბიჯნისსა და ქვემო აძვისში გაიმართა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან- გიორგი გურასპაშვილთან ერთად, მოქალაქეებს შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, კობა კობალაძე,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, რეგიონის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობის აზრი უპირველესია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა- განხორციელებისას, რათა რესურსი სწორად გადანაწილდეს.
მოქალაქეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და მათში თითოეული მოქალაქის ჩართულობისა და სარგებლის მიღების მექანიზმებიც განიხილეს.
სოფელ ბეკამში შეხვედრისას, ადგილობრივებმა პრობლემად სასმელი წყალი დაასახელეს, რაზეც მიიღეს ინფორმაცია, რომ მოხდება წყლის რეზერვუარის მოწყობა და უახლოეს პერიოდში საკითხი მოგვარდება.
ცოცხნარაში – გზების მოწესრიგება, გაზიფიკაციის სამუშაოების დასრულება, საბავშვო ბაღისა და ამბულატორიის მოწყობა ითხოვეს. სოფელ ბიჯნისში მოსახლეობამ გზების, ხიდებისა და ალტერნატიული საბავშვო ბაღის მოწყობა დაასახელა უმთავრეს პრობლემად. სოფელ ქვემო აძვისში ადგილობრივებმა გაზიფიკაციის სამუშაოების დასრულება და გზის მოწესრიგება ითხოვეს.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფლის მცხოვრებლებს აღნიშნული პრობლემების შესწავლა და შეძლებისდაგვარად, მათი აღმოფხვრა აღუთქვეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბეკამში, ცოცხნარაში, ბიჯნისსა და ქვემო აძვისში შეხვედრები გაიმართა
27/09/2019