ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე ნიგოზეთის თემის ორ სოფელში ბერეთისასა და მერევში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის პირველ პირთან ერთად სოფლებში გამგებლის მოადგილეები, ნიგოზეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებლის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს ბოლო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება წარმოადგენდა. სოფელ მერევის ორ სხვადასხვა ადგილას შიდა საუბნო გზის რთული მონაკვეთების მობეტონება მოხდა. რაც შეეხება ბერეთისას, აქ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმდინარე წელს აღდგენილი ზედა და ქვედა ბერეთისის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოინახულა. ადგილობრივების თქმით ხიდის არ არსებობა უდიდეს პრობლემებს უქმნიდათ და საშიშროებას წარმოადგენდა. სოფელ ბერეთისაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა შიდა საუბნო გზის მობეტონებულ მონაკვეთებზეც გაიარა, ასევე მიმდინარე წელს გარემონტებული სოფლის საბავშვო ბაღიც დაათვალიერა, რის შემდეგაც ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. დღის ბოლოს, სულხან მახათაძემ სოფელ უსახელოში მშენებარე იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესიც მოინახულა და იქ დასაქმებულ მუშახელს გაესაუბრა.
ჭიათურის გამგებელი ნიგოზეთის თემის ორ სოფელში იმყოფებოდა
25/07/2016