12 – 15 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა დეპუტატებს პოლიტიკური განცხადებებისთვის დაეთმოთ.პოლიტიკური განცხადებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე:
„წყალტუბოს პროექტს არა თუ არანაირი ხინჯი არ აქვს, არამედ ეს არის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წყალტუბოს უპრეცედენტო აღორძინებას და ითვალისწინებს წყალტუბოს ქცევას საერთაშორისო მასშტაბის, უმაღლესი სტანდარტების კურორტად. ჩვენი ოპონენტები აქაც კი შეეცადნენ, რომ მოეძებნათ გარკვეული „არგუმენტები“ იმისათვის, რომ არ დაეფასებინათ ეს ინიციატივა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ჩვენი ქვეყანა, არ უხარიათ არანაირი წარმატება, არანაირი სიკეთე და პირიქით, სწყინთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება, ეს პოლიტიკური ძალა არის მთლიანად სიცრუეზე აგებული, რა თქმა უნდა არის განწირული მხილებისთვის და არის წარუმატებლობისთვის, ეს არის ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არა აქვს არც სამშობლო და არც ღმერთის სწამს.
რაც შეეხება ღმერთის რწმენას, ჩვენ გასული ორი კვირის განმავლობაში ვიხილეთ უპრეცედენტო შტურმი ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე. ამაზე მეტყველებს მათი ლიდერების, მესიჯები და მე ციტატებს არ მოვიყვან“.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე: „შეუძლებელია განსაკუთრებული ემოციის გარეშე შევაფასო ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ვფიქრობ, სრულიად გამიზნული, დაგეგმილი სპეცოპერაციაა ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განაყოფებთან ერთად, გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს და ყველაფერზე მიდის. ისინი გამიზნულად ახორციელებენ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციას. დისკრედიტაციას ეწევიან ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირის – მინისტრების, დეპუტატების, საჯარო მოხელეების, მათი ოჯახის წევრების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომლებიც მათი თანამოაზრეები არ არიან. ისინი ცდილობენ სიცრუის კორიანტელში გახვიონ ქვეყანა და სიცრუე დომინანტად აქციონ სიმართლეზე. მათ სურთ, შენებაც კი ნგრევად გამოაცხადონ. ისინი თავს დაესხნენ საქართველოს პატრიარქს და ეკლესიას“.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე: „რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩვენებამდე, მით უფრო ძლიერი ხდება დეზინფორმაციის ნაკადი რაც მოედინება, არა ჩვენი როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ჩვენი სახელმწიფოს ოპონენტების მხრიდან. სახელმწიფოს ოპონენტებს კი მტრები ჰქვია. ეს უფრო აქტუალური ხდება, რაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ რა პროცესები მიდის რა გამოწვევები გვაქვს და რა კეთდება რომ გამოწვევები დავძლიოთ. ჩვენი უმთავრესი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს ორივე გამოწვევა არის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში, ოკუპაცია ხელს გვიშლის და აუარესებს საინვესტიციო გარემოს, ჩვენ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ და ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთ სახელმწიფოში. სწორედ ამ ორ უმთავრეს გამოწვევას ემსახურება ის სამი მეგაპროექტი, რომელიც გაჟღერდა ბოლო პერიოდში, ეს არის ქუთაისის უნივერსიტეტი, აბასთუმნის და წყალტუბოს პროექტი. სამივე ეს პროექტი არის დასაწყისი, რომელიც ჩვენ ამ პრობლემებს დაასრულებს. ეს რეალური პერსპექტივაა, რომელიც დაინახეს ოპონენტებმა, ამიტომაც მიდის ამდენი სიძულვილის და ბოღმის დანთხევა ამ პროექტებზე და ცდილობენ რომ დისკრედიტაცია გაუკეთონ, ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა“.
ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრი აკაკი ბობოხიძე: „ამ ქვეყანაზე ეკლესიის წინააღმდეგ შტურმს არავის აბრალებენ, მხოლოდ გახარიას და ივანიშვილს. რაც შეეხება წყალტუბოს თემას – არ მოგცემთ საშუალებას, რომ ყველა ერთნაირად შეგვაფასოთ. „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს უთქვამს რომ ცუდია ბიძინა ივანიშვილი რასაც აპირებს. მათ შორის, არც არასოდეს მითქვამს, რომ ცუდია რომ ერთ ლარად ან იაფად აპირებთ გადასცეთ წყალტუბო. ასევე, ვაპირებდით და ბევრჯერ გადაგვიცია სახელმწიფო ქონება ერთ ლარად იმ ადამიანებისთვის, ვინც ინვესტიციას განახორციელებდა. ჩემი პირადი პრეტენზია თქვენი და ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის ის რომ 2012 წელს გააჩერეთ წყალტუბოს განვითარების პროექტი, რომელიც შინაარსობრივად პრაქტიკულად იგივე იყო მხოლოდ განხორციელების ფორმებია სხვადასხვა“.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი: „არ შემიძლია ემოციის გარეშე ვუცქირო ჩემს მარცხნივ მყოფ ძალას, გაერთიანებულ ძალას, ვითომ გაყოფილს, როცა ოდნავი შესაძლებლობა მიეცემა ამ ძალას, როგორც ეს იყო 20 ივნისს, დავინახეთ ყველა ჩვენმა მოქალაქეებმა თუ რისი გაკეთება უნდოდათ. აქ შიგნით გამაგრებული რომან გოცირიძე, მისი ამფსონები, თავისი აქტივისტებით და გარეთ რა დღეში იყვნენ. მაგრამ როგორც ძალას კარგავენ, ზუსტად ასეთ ქილიკს და სიცრუის ტირაჟირებას მიმართავენ. ბობოხიძე თითქოს აღნიშნავდა, რომ ისინი აღიარებენ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებას და მის ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე. რომან გოცირიძე, რომელიც ქილიკობდა, რომ 60 ათასი სტუდენტის, ასევე ვთქვათ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში, ეს ბლეფია, და ის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ 200 – მდე სტუდენტზე იქნებოდა გათვლილი ეს უნივერსიტეტი და 75 უნივერსიტეტიდან ბოლო ადგილზე იქნებოდა. უნდა გაგაწბილოთ ბატონო რომან. მე აქ ფაქტები მაქვს, დაახლოებით მილიარდი ევროს ინვესტიცია ხორციელდება და გასულ კვირაში მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა შენდება ქუთაისში და როგორი მასშტაბური პროექტია და მე მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვთ, რომ მათ ჩვენთან საქართველოში მიიღონ ევროპული განათლება“
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი: „მთავრია ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. დემოკრატია არის პასუხისმგებლობა. როცა ხელისუფლებაში იყავით, მაშინ გაგეკეთებინათ დემოკრატიის მინიმუმ ის 10 % მაინც, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. დღეს რაც არ უნდა ბევრი გველაპარაკოთ თავისუფლებაზე, გამოხატვაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს ყველაფერი არის ფარსი. თქვენთვის დემოკრატია არის იარაღი იმისა, რომ ძალაუფლება დაიბრუნოთ და რევანში მოახდინოთ. ეს ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებამაც. თქვენი, მთავარი ამოცანა არის იერიში მიიტანოთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც ყველას გვაერთიანებს. თქვენ გახარებთ, როცა ქვეყანაში პრობლემებია და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მათ შორის, თქვენი ვაი-პატრიოტიზმით, გიხარიათ როცა ამ ქვეყანაში რადიკალიზმია“.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია: „ძალიან საეჭვოდ იშიფრება ის ცუდი განზრახვა, რომელიც მგონია რომ უკავშირდება ამ კვირის მოვლენებს. თუ ძალიან გაწუხებთ კოლეგებო და ძველო თანამებრძოლებო ის ცხრაწლიანი პერიოდი, თუ ძალიან გაწუხებთ რომ ის აღარ დაბრუნდეს, თუ ასეთი მართლები და გულწრფელები ხართ ეკლესიასთანაც და საკუთარ ამომრჩეველთან, მაშინ ორი რამე გააკეთეთ: იმ ოცკაციან სიაში 20-დან 18 არის წარსულის ძალადობრივი სისტემის შემოქმედი დამკანონებელი, ხელისშემწყობი, ზოგი უფრო მეტად, ზოგი ნაკლებად. ჩააგდეთ ის ოცკაციანი სია და მერე დაიჯერებს თქვენი ამომრჩეველი, რომ თქვენ გულწრფელად ემიჯნებით ცხრაწლიან რეჟიმს, ძალადობას, უსამართლობას და ადამიანების ფეხქვეშ გათელვას. მეორე ეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს. მე იმედი მაქვს, რომ პირადად თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გაუკეთებთ მობილიზებას იმას, რომ ის დაპირება რაც იყო გაცხადებული პროპორციულ სისტემას კენჭისყრაზე – შესრულდეს“.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი: „დღეს, როდესაც თქვენგან გაღატაკებული ჩვენი თანამოქალაქეები, უზარმაზარი სტრესის ქვეშ არიან, რადგან უკვე რამდენიმე კვირაა მათთვის ძალიან ძვირფას ინსტიტუტს, საქართველოს ეკლესიას აქვს შექმნილი სერიოზული კრიზისი, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს თემა გახადოთ პოლიტიკური თავდასხმების თემა. ჩვენ აქ იმაზე უნდა ვლაპარაკობდეთ თუ როგორ დავიცავთ ჩვენს ეკლესიას, მათ შორის, უცხო სახელმწიფოების გავლენისგან, რომლებიც ცდილობენ რომ დაეპატრონონ გავლენის ბერკეტებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტში. არავის არ გაუბედავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეკლესიაზე თავდასხმა, ეს გაბედა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა და მას აუცილებლად მოსთხოვს პასუხს ქართველი ხალხი, თქვენთან ერთად“.
„პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ – ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია: „ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიზანმიმართული ბრძოლა მიდის პატრიარქის, სინოდის და ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არ არის შემთხვევითი ბრძოლა. მართლმადიდებლური სამყაროს წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს. იმისთვის რომ პრევენციული ღონისძიება გაეტარებინა ჩვენს ხელისუფლებას ნუთუ ჩვენს სპეცსამსახურს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა თუნდაც პეტრე თუნდაც, სხვა სასულიერო პირები. იმის შემდეგ როდესაც სხვადასხვა ადამიანი მათ შორის, ტელევიზიის ერთ-ერთმა წამყვანმა თქვა, რომ მის მიმართაც ყოფილა სექსუალური ძალადობა სასულიერო პირების მხრიდან, ასეთი ადამიანი ყველა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელია და ასეთ ადამიანებს რა უნდოდათ ეკლესიაში.“
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი გედევან ფოფხაძე: „მინდა ერთ საკითხს შევეხო რომელიც ეხება ბაკურიანში და მიტარბში მიწების უფლებრივ საკითხს. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე წლებია ელოდება იმას, რომ მათ მფლობელობაში არსებულ მიწებს დაუკანონებენ და ისინი გახდებიან მესაკუთრეები იმ მიწებისა, რომელიც მამა-პაპათაგან მათია. ისინი დღეს დგანან ძალიან რთული პრობლემის წინაშე, რომელსაც განსაზღვრავს ორი გარემოება. ერთი ის, რომ უკვე რამდენიმე თვეა არ შეკრებილა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიწის აღიარების კომისია და მეორე ის, რომ ამ მიწებს იკანონებს ეკონომიკის სამინისტრო, რომლითაც ამ ადამიანებს ართმევს იმის იმედს, რომ ისინი წლების განმავლობაში თავის მფლობელობაში არსებულ მიწებს დაიკანონებენ. მე მოვუწოდებ როგორც პარლამენტს ასევე, მთავრობას, რომ სამართლიანი იყოს ამ ადამიანებთან მიმართებაში გადაწყვეტილება, დაუკანონოს მათ ეს მიწები და ამით აღვადგინოთ ის სამართლიანობა“.
„ევროპული საქართველო“ – ფრაქციის თავმჯდომარე ოთარ კახიძე: „არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ეკლესიასთან დაკავშირებით თემას, რომელმაც გამოიწვია ყველაზე დიდი აჟიოტაჟი. ეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა განცხადება, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ეკლესიის საქმეში ჩარევას და მეორე – საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე, არც კი გამოკითხულა ეპისკოპოსი. ეს ორი ფაქტი ნამდვილად არ მეტყველებს თქვენს სასარგებლოდ, თითქოს ვიღაც სხვა ერევა ეკლესიის საქმეში. თუ თქვენ არ ერევით ეკლესიის საქმეში და ეპისკოპოსი არასწორ განცხადებას აკეთებს, მაშინ დაიწყეთ გამოძიება და ამოწურეთ ეს თემა“.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი: „ერთი ხელით ერთს ამბობდე და მეორე ხელით სხვას აკეთებდე, არ გრცხვენიათ მაინც?! ადეიშვილის შთამომავლები რომ დამისვით იურიდიულ კომიტეტზე მოსმენაზე, არ შეგრცხვათ ამისი? თქვენ სისტემა ხართ. ესეც სისტემა იყო. ამათმა აწამეს ეს ხალხი. იმ ხალხზე აპირებთ ახლა თქვენ ხელისუფლება დააშენოთ, ვინც აწამებდა? ალანია გახადეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და უვადო მოსამართლე. ალანია იყო ის ქალი, რომელმაც მუხროვანის ბიჭები ტყუილად, 30 წლით ციხეში რომ დატოვა. ერთნაირები ხართ, იმიტომ რომ გინდათ ავტორიტარიზმი, გინდათ სასამართლოსთვის ბრძოლა, ყველაფერი გინდათ“.
„პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ – ფრაქციის წევრი ირმა ინაშვილი: „ახლოვდება არჩევნები, იწევს ტემპერატურა და არის ესეთი ვნებათა ღელვა, ხალხი კი ყველას ფეხებზე გკიდიათ თქვენ, აი ეს არის სიმართლე. ამ ქვეყანაში აღარ არის პერსპექტივის განცდა. ხალხის ბედი თქვენ არ გაინტერესებთ, მთავარია, რომ რქებით გაიტანოთ თქვენი პარტიები 2020-ში. გეუბნებით პირდაპირ, რომ ქართველი ხალხი დაგამთავრებთ ორივეს თუ სამივეს, ვინც ხართ, გაყოფილი „ნაცმოძრაობა“, ერთიანი მაინც, თქვენ და „ქართულ ოცნებას“. ახლა გინდათ იყვირეთ, გინდა იწივლეთ“.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე: „თქვენ ხართ ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოკლებული პოლიტიკური გუნდი და უმრავლესობა, რომელსაც არაფერზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რაც ქვეყანაში ცუდი ხდება. ყველაფერს ჩვენ რომ გვაბრალებთ, ახლა, როდესაც ინფლაცია 6,4 %-ია და ყველაფერი გაძვირდა მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებზე პენსიონერებს 7%-ზე მეტად რომ გაუძვირდათ – ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ჩვენ?! ინვესტიციები რომ არის ყველაზე დაბალი 2006 წლიდან მოყოლებული ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც 20 ივნისს მოხდა?! პასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ აეღო ირაკლი კობახიძეს და 20 ივნისის მოვლენების შემდეგ პირველივე დღეს გადამდგარიყო, მაგრამ არ აიღო, რადგან არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება, რადგან მთავარი ვისთანაც ანგარიშვალდებული ხართ არის ბიძინა ივანიშვილი. თითქმის ყველა რაიონში არის პრობლემები გზასთან, წყალთან, ხიდებთან დაკავშირებით. ის ადამიანები რომლებიც, რეგიონებს კურირებენ „ქართულ ოცნებაში“ და ამაზე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი, გამოდიან და რაღაც ლექციებს კითხულობენ“.
„ევროპული საქართველო“ – ფრაქციის წევრი ელენე ხოშტარია: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ უნდა შევასრულოთ დანაპირები, რომელიც მივეცით ხალხს – მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. რასაც ჩვენ დილიდან ვუყურებთ, ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს, რომ მიმდინარეობს მცდელობა ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყევტილების ჩაშლისა. აქედან გამომდინარე, მყარად ვაფიქსირებთ, რომ არავის მივცემთ საბაბს და საშუალებას, ეს ისტორიული გადაწყვეტილება შეფერხდეს. ამიტომ „ევროპული საქართველო“ ხსნის დარჩენილ პოლიტიკურ განცხადებებს და ველოდებით კენჭისყრას პროპორციულ სისტემაზე“.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური: „მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს თვითმყოფადობა არის გამოხატული მის კულტურაში, მის ცეკვაში, სიმღერაში, ეროვნულ ატრიბუტიკაში, ჩაცმულობაში მათ შორის, ღვინოში და საქართველოს ეკლესიაშიც. ეკლესიაში იმიტომ რომ ჩვენ კულტურა ეს არის ქრისტიანული კულტურა და ჩვენი კულტურის სათავეში სწორედ ქრისტიანული ღირებულებები დგას. ჩვენთვის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც თემა რაც ქართულ ჩოხას, ქართულ ცეკვას უკავშირდება აკავშირებენ ჰომოსექსუალურ ცხოვრებასთან და როდესაც ჰომოსექსუალები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება. ამას ვამბობ პირდაპირ. ამას ვამბობ კონსერვატორების სახელით, მაგრამ დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამას იზიარებს“.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ლევან კობერიძე: „როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მინდა წამოვწიო. ღია წერილი გამოაგზავნეს კლინიკებმა რეფორმასთან დაკავშირებით, რომელზეც ბრძანებულება გამოცემული აქვს უკვე ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება ისეა გამოცემული, რომ არცერთ წამყვან კლინიკასთან არ ყოფილა კონსულტაცია, შესაბამისად 25-მა კლინიკამ ამ რეფორმასთან დაკავშირებით ღია წერილით მოგმართათ თქვენც ბატონო არჩილ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესაც, ამიტომ გავითვალისწინოთ ეს საკითხი იმისთვის, რომ უკან არ დაიხიოს ამ დარგმა“.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი: „ვწუხვარ ვინმემ მართლა არ დაიჯეროს, რომ ეს უსინათლო და უწყლო სოფლები ახლა შევქმენით და ახლა აღმოცენდა სიცარიელიდან. ეს ხომ დაგვხვდა. უამრავი ადამიანი ლოგინს მიჯაჭვული, სიკვდილის სარეცელზე დაწოლილი, უამრავი ადამიანი, ვისაც ღვიძლის კიბო ჰქონდა, ახალგაზრდები განსაკუთრებით, ეს ხომ დაგვხვდა. ეს დანგრეული გზები, გაზზე აღარ არის ლაპარაკი, დენის გარეშე სოფლები ხომ დაგვხვდა. შეადარეთ სტატისტიკა, ახლა რა მდგომარეობაა და რა მდგომარეობა იყო. და ასეთი გააფთრებით და გამწარებით შემოტევა ერთადერთს ემსახურება, რომ დაძაბულობის ატმოსფერო შენარჩუნებული იქნეს და ვინძლო, განვითარდეს კიდევაც. ნუ ავყვებით, ვიმუშაოთ!“
„ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის მდივანი თინათინ ბოკუჩავა: „იმედი მაქვს რომ დღეს უმრავლესობა არ ჩააგდებს კენჭისყრას კონსტიტუციაზე, რომელიც ითვალისწინებს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და იმედია, რომ ეს ცირკი და ზღვარგადასული აგრესია, რაც დღეს მოაწყო უმრავლესობის ზოგიერთმა დეპუტატმა სწორედ ამას არ უკავშირდება“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: „როცა თქვენი ტელევიზიებიდან გველაპარაკებიან მამულზე, სარწმუნოებაზე და ენაზე, მინდა გავაგრძელო ირაკლი სესიაშვილის პათოსი – მამულს რაც შეეხება, 20 % ხომ ჩააბარეთ და მერე „გაუპრავეთ“ ეგრეთ წოდებულად, ვერ „გაუპრავეთ“, მაგრამ ხომ სცადეთ იმ რეზოლუციით, რაზეც დღენიადაგ ვსაუბრობთ ხოლმე. ენაზე აღარ ვსაუბრობ, უხამსობით და ბილწისტყვაობით როგორ გინდათ გააფუჭოთ ყველაფერი, ეს ხომ გასაგებია და ბოლოს – მიადექით ყველაზე წმინდას ბევრი ქართველისთვის და ბევრი მართლმადიდებლისთვის. შეიძლება ვიღაც საერთოდ არ იყოს მორწმუნე და საერთოდ სხვა წარმოდგენები ჰქონდეს რაღაც-რაღაცეებზე, მაგრამ პატივისცემა მაინც ხომ შეიძლება გქონდეს იმ ინსტიტუტის, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩვენს ისტორიაში და ქვეყნის განვითარებაში. მინიმუმ, პატივისცემა ხომ შეიძლება გქონდეთ და მიადგნენ რწმენას და პატრიარქის დისკრედიტაცია განიზრახეს. ეს არის თქვენი რეალური სახე და რაც არ უნდა გადააბრალოთ ვიღაცებს რაღაცები, ასე დარჩება“.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ პარლამენტის წევრები საკანონმდებლო საქმიანობას შეუდგნენ. პარლამენტმა 94 ხმით, მხარი დაუჭირა „ვანო ზარდიაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელიც სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა წარადგინა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების წარდგენამდე, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ირაკლი კობახიძე და ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომელსაც კონსტიტუციური კანონის პროექტი გადის.
მომხსენებლის განცხადებით, დაიწყო საყოველთაო სახალხო განხილვის პროცედურა, შეიქმნა შესაბამისი საორგანიზაციო კომისია, სადაც ასევე, მოწვეულები იყვნენ სახვადასხვა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მისივე თქმით, საქართველოს 10 რეგიონში და ასევე, თბილისში მთლიანობაში, 11 შეხვედრა ჩატარდა.
ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატში მიღებული მოსაზრებების თაობაზე კოლეგებს ინფორმაცია მოაწოდა.
„პირველი, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება 2020 წლიდან, ნაცვლად ამჟამად მოქმედი შერეული სისტემისა, ამასთან დაკავშირებით როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, არიან ავტორები იმ ინიციატივებისა, რომლებიც ითვალისწინებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განმარტებით, განხილვებისას ბუნებრივ ბარიერს, დაკავშირებით გამოთქმული იყო რიგი მოსაზრებები და შენიშვნები, როგორც 3%-იანი, ისე ნულოვანი ბარიერის მიმართ.
„ზოგადად დაბალ ბარიერთან დაკავშირებით გამოითქმოდა შენიშვნები, რომ შეიძლება ის იყოს ფრაგმენტაციის ხელშემწყობი ფაქტორი და ა.შ. იყო საკმაოდ ფართო მხარდაჭერა ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში არჩვენების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გამოიწვევს ასეთი მიდგომა პარტიულ სიჭრელეს და ხომ არ შეიქმნება რისკები დაბალი ბარიერის პირობებში პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, დისკუსიები გაიმართა საარჩევნო ბლოკების დაშვება არ დაშვებასთან დაკავშირებით.
„მთლიანობაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მეტწილად ნეგატიურად იქნა შეფასებული საარჩევნო ბლოკების შენარჩუნების პერსპექტივა“, – განაცხადა მომხსენებელმა.
რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებულ რისკებს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, აქ ძირითადად ხაზი იყო გასმული იმაზე, რომ პროპორციული სისტემის პირობებში რეგიონული წარმომადგენლობა სუსტდება.
„დაისვა საკითხი – ხომ არ იყო შესაძლებელი ამ სისტემის ფარგლებში შემოღებულიყო ერთგვარი რეგიონული წარმომადგენლობის სისტემა ჩვეულებრივი კანონის დონეზე, ამასთან დაკავშირებით თითქმის ყველა რეგიონში ისმებოდა კითხვები. ანუ იმის შესახებ, რომ პროპორციული სისტემის პირობებში დარჩეთ რეგიონებს წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. შეხვედრაზე ითქვა, რომ მას შემდეგ, რაც იქნება მიღებული პროპორციული საარჩევნო სისტემა დაიწყება მუშაობა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი რეგიონების დაბალანსებული წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. ასევე, გაჟღერდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიების პასუხისმგებლობაა თავისთავად რეგიონების სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტში. დაისვა კითხვები გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით. ისმებოდა ხოლმე კითხვები საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით და აქ პარლამენტის თავმჯდომარე, აწვდიდა მოსახლეობას ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარიმართება მუშაობა საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე, პარტიების შესახებ კანონის რეფორმაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, არანაკლებ 200 000 ამომრჩეველის ინიციატივა, I მოსმენით საინიციატივო ჯგუფის წევრები მამუკა კაციტაძემ წარადგინა.
„საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით საკონსტიტუციო ცვლილების მეორე პრეცენდენტი გახლავთ ახლა. 2016 წელს ასეთი ინიციატივა განხორციელდა. I მოსმენით განხილული იქნა კანონპროექტი და სამწუხაროდ, პირველი მოსმენის შემდგომ კენჭისყრის გარეშე საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მამუკა კაციტაძის თქმით, დღეს მოქმედ კონსტიტუციაში, გარდამავალ დებულებებში 2020 წლის არჩევნებთან მიმართებაში არის ჩანაწერი, რომ სისტემა ითვალისწინებს პროპორციული წესით არჩეულ 77 დეპუტატს და მაჟორიტარული წესით არჩეულ 73 დეპუტატს. ასევე, ითვალისწინებს 3%-იან ბარიერს და ბლოკების შენარჩუნებას.
„როდესაც პარლამენტში წარდგენილი იქნა ჩვენი ინიციატივა ჩვენ შევეხეთ მხოლოდ ამ სამი პუნქტის პირველ ნაწილს. არ შევხებივართ ხელისუფლების მიერ დადგენილ ნორმებს, როგორც 3%-იან ბარიერთან მიმართებაში ასევე, ბლოკების არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით. გარდამავალ დებულებებში რაც ჩაწერეთ თქვენ, ჩვენ ხელუხლებელი დავტოვეთ. ჩვენ ცვლილება გავაკეთეთ მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც ჰქვია 77/73-ზე შერეული სისტემის 150 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევისა. როდესაც ვსაუბრობთ დღეს, რომ არსებობს ორი პროექტი, ერთი სახელისუფლებლო, მეორე ოპოზიციური, ამ ორ პროექტში არის ერთი მუხლი, სადაც არსებობს სრული თანხვედრა და ორი მუხლი სადაც არსებობს განსხვავება – იმ ერთ მუხლში თქვენ უკვე დაგვეთანხმეთ თქვენი ინიციატივით, რომ მთლიანად იყოს 150 პროპორციული, მაგრამ ის, რასაც ჰქვია 3%-ის 0,67%-მდე შემცირება, ან ბლოკების გაუქმება ეს თქვენივე ჩაწერილი ნორმის თქვენივე ინიციატივაა. ჩვენ ამ კუთხით არაფერი შეგვიცვლია. თქვენ 2017-2018 წელში მიღებული თქვენივე პოზიცია შეცვალეთ იმიტომ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მისი თქმით, პროპორციულ სისტემას აქვს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება.
„პირველ რიგში ის იძლევა მანდატების განაწილების სამართლიან განაწილებას და წესს, მეორეს მხრივ, იძლევა ხმების დანაკარგის მინიმიზაციას დაბალი ბარიერის შემთხვევაში და პოზიტიურია ის, რომ არის მაღალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსი“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ. თუმცა, მისი თქმით, საჭირო იყო უფრო მაღალი კონსენსუსი, რისთვისაც ოპოზიციურმა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის ინიციატივაში წერია 3%-იანი ბარიერი, მიიღო გადაწყვეტილება გადაიდგას ნაბიჯი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ვარიანტისკენ, რათა მეორე პუნქტთან დაკავშირებითაც იყოს თანხვედრა ორ კონსტიტუციურ პროექტს შორის.
„გავაერთიანოთ ეს ორი პროექტი და ეს იქნება მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევა და სრული კონსენსუსით განხორციელდება საქართველოში კონსტიტუციური ცვლილება“, – განაცხადა მომხსენებელმა.
როგორც მამუკა კაციტაძემ განმარტა, მის მიერ წარმოდგენილ პროექტში არის ჩანაწერი ბლოკებზე, რადგან ეს ხელისუფლებამ 2017 წელს ჩაწერა. თუმცა, მისივე თქმით, დღეს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ინიციატივაში ბლოკების შესახებ ჩანაწერი არ არის.
„თუ ჩვენ დღეს შევძლებთ, რომ პრინციპში, გაერთიანდეს ეს ორი პროექტი და ორ შეთანხმებულ თემას მესამე პუნქტიც დაემატოს დიფერენცირებული ბარიერის გათვალისწინებით, თუ თქვენ თქვენი პროექტის განხილვისას იმასაც შემოგვთავაზებთ, როგორ უნდა იყოს ის მთავარი ნაკლოვანება რეგიონალური წარმომადგენლობის გაჩენისა საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის საფუძველზე, ეს იქნება მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, როცა საპარლამენტო და არა საპარლამენტო, ოპოზიციურმა და სახელისუფლებო, სამოქალაქო სექტორმა და საექსპერტო წრეებმა მოახდინეს და სრული კონსენსუსი იქნა მიღწეული“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მან დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდგომაც საკუთარი პოზიციები საპარლამენტო ფრაქციებმა დააფიქსირეს. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ. მან კოლეგებს ის უპირატესობებიც გააცნო, რომელსაც, მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ფლობს. დეპუტატმა განმარტა, რომ მმართველი გუნდისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ პროექტებს შორის არსებობს ორი ძირითადი განსხვავება – ერთი უკავშირდება საარჩევნო ბლოკებს, ხოლო მეორე – საარჩევნო ბარიერს. მისივე თქმით, ბლოკების გაუქმების ინიციატივა იყო 2012 წელსაც, თუმცა ეს პარლამენტში შემავალი მთელი რიგი პარტიების სუბიექტური ინტერესების გამო ვერ მოხერხდა. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ამასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში სამპროცენტიანი ბარიერი და ბლოკები თავის დროზე განხორციელებული კომპრომისის გამო ჩაიწერა.
„ჩვენ რაც მოგვწონს, ის წერია კონსტიტუციის ძირითად დებულებებში. ეს არის ბლოკების გარეშე არჩევნები და ეს არის ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველაზე მეტად, ჩვენი პარტიული სისტემის და პოლიტიკური სისტემის სტაბილურ განვითარებას წაადგება, რა თქმა უნდა, ხუთპროცენტიანი ბარიერი ბლოკების გარეშე. მთელი რიგი ნაკლოვანებები აქვს პროპორციულ სისტემას, ამაზე მეცნიერები საუბრობენ და იმისთვის, რომ ეს ნაკლოვანებები იყოს დაბალანსებული, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია სათანადო ხუთპროცენტიანი ბარიერის არსებობა და საჭიროა ის, რომ ბლოკის ინსტიტუტი სხვადასხვა მიზეზის გამო, იყოს გაუქმებული. მოკლევადიან პერსპექტივაში ნულოვანი ბარიერი გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო. მიზეზებში და დეტალებში მე აღარ შევალ, და სამპროცენტიანი ბარიერი ამ მოტივაციას მთლიანად ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალაში უნდა დავტოვოთ ჩვენი შეთავაზება ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტს პარლამენტმა, კენჭისყრის შედეგად 32 ხმით, 55-ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი I მოსმენით განსახილველად სხდომაზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, ცვლილება შედის კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულების მე-9 პუნქტში, რომლის თაახმად ახალი ტექსტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:
საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკურ პარტიებზე მანდატების გასანაწილებლად თითოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
მანდატს, მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. მისივე თქმით, შემდეგი ჩანაწერია რომ: პარლამენტის მომდევნო არჩევნების ჩატარების შედეგად, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის წარსადგენად, თითოეული პოლიტიკური პარტიის მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა იმ პოლიტიკური პარტიის მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა მიიღეს.
„კიდევ უფრო დაზუსტდა პროპორცია, თუ როგორ გადანაწილდება მანდატები პოლიტიკურ პარტიებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით წარმოდგენილ პროექტში ასევე, საუბარია გაუნაწილებელ მანდატებზე. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები.
„ეს არის სიახლე რომელიც წარმოდგენილია პროექტის ბოლო ვარიანტში“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე განმარტებით, პროექტის შემდეგი ნაწილი ეთმობა იმ პარტიების განსაზღვრას, რომლებსაც აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არა ნაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
„აქაც დადგენილია გამონაკლისები, ეს იყო ოპოზიციური სუბიექტების ინიციატივა და ჩვენ წავედით კომპრომისზე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განმარტებით, გამონაკლისები ეხება შემდეგს: პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის არა ნაკლებ 5000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება:
1. ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია.
2.ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული წესით 15 000 ხმა მაინც მიიღო.
3. ყველა პოლიტიკური პარტია, ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო.
„მთლიანობაში ხელმოწერების შეგროვების ვალდებულებისგან თავისუფლდება 23 პოლიტიკური გაერთიანება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით ერთჯერადად არის შემოთავაზებული ნულოვანი ბარიერის დადგენა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად საზოგადოების დიდი წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს პარლამენტში.
„რაც შეეხება ბლოკებს, საარჩევნო ბლოკი არის ის ინსტიტუტი, რომელიც გასული 30 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნიდა ჩვენს ქვეყანაში პარტიული სისტემის განვითარებას. გარდა ამისა, ბლოკის ინსტიტუტი იძლევა ფინანსური მაქინაციის საშუალებას, საეთერო დროის მითვისების საშუალებას, და ასევე პიარული მანიპულაციის საშუალებას, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე შემოთავაზება პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით და ბლოკების გარეშე ვფიქრობთ, რომ არის ოპტიმალური შემდეგი არჩევნებისთვის. ეს არის ერთჯერადი საკონსტიტუციო ცვლილება. 2020 წლის შემდეგ ამოქმედდება ძირითადი დებულება, რომლის მიხედვითაც ძალაში რჩება პროპორციული საარჩევნო სისტემა და 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. გრძელვადიან პერსპექტივაში, სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის ჩვენი დემოკრატიული სისტემის და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მომხსენებელმა პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, თუმცა, რეგლამენტის განსაზღვრული დროის ამოწურვის გამო საკითხის განხილვა ვერ დასრულდა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გააგრძელებენ.