აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა, რაც საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების გაუმჯობესებას და წყლის სექტორის განვითარებისთვის მთავრობის კომპლექსური მიდგომის შემუშავებას მოხმარდება. ეს თანხა დაეხმარება მთავრობის ძალისხმევას განავითაროს ერთიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პოლიტიკა, რომელიც თანაბრად დაფარავს ქალაქებსა და სოფლებს. სესხი მოხმარდება სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებას, რაც შექმნის ხელსაყრელ პირობებს ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და კერძო სექტორის ჩართულობისთვის. შესაბამისად, გაიზრდება ოპერირება-მომსახურების შესაძლებლობები და მოხდება აღჭურვილობით უზრუნველყოფა, რაც საქართველოს 10 რეგიონის 57 ქალაქში სერვისებს გააუმჯობესებს. ამ თანხით ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების განვითარების მოსამზადებელი სამუშაოები დაფინანსდება.
ADB ასევე განახორციელებს 250 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკურ დახმარებას, რომლითაც საქართველოს შერჩეულ ქალაქებში ქონების მართვის სისტემები წყალმომარაგების მაღალი ტექნოლოგიებით აღიჭურვება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების გაუმჯობესებაში ADB საქართველოს 2011 წლიდან ეხმარება, მას შემდეგ რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მულტიტრანშული სესხი მიიღო. ამან გაზარდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისებზე წვდომა ქვეყნის 12 ქალაქში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ადამიანისთვის. მიმდინარე წლის ივლისში ADB-მ Georgia Global Utilities (GGU) მიერ პირველად გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში 40 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ განაცხადა, რომლის ამონაგები თანხა მოხმარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას თბილისსა და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების ხელშესაწყობად ADB 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
01/10/2020