წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ

24/05/2021

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა წარმოადგინა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. მომხსენებლის თქმით, ბიუჯეტი დაიგეგმა რთულ ეკონომიკურ და პანდემიურ სიტუაციაში. შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ძირითადი აქცენტები გაკეთებული იყო არსებული გამოწვევების საპასუხოდ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.0 პროცენტი, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა. რეალური მშპ-ს კლება იანვარში 11.5 პროცენტი, ხოლო თებერვალში 5.1 პროცენტი დაფიქსირდა. 2021 წლის მარტში საშუალო ინფლაცია 4.8 პროცენტის დონეზე იყო.

„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი რაზეც ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა; ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები გაიზარდა 13.6 პროცენტით, რამაც წლიურ ინფლაციაში 1.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა; ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაში 0.77 პროცენტული პუნქტი შეადგინა; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები გაიზარდა 12.0 პროცენტით, რაც 0.67 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მან წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს 2021 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების, ბიუჯეტის საგადასახადო და სხვა შემოსავლების შესრულების მაჩვენებლების თაობაზე. ანგარიშის ამოწურვის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ, კომიტეტმა მოსმენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო. სხდომაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის წლიური ანგარიში წარმოადგინა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა აღნიშნა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკურენციის სააგენტო პარლამენტში ანგარიშით წარდგა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა სააგენტოს მიერ გაწეული აქტივობების, საერთაშორისო თანამშრომლობის, სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სააგენტოს პრიორიტეტებზე, რაც მიზნად ისახავს ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირების პროცესის ხელშეწყობას, საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას, რეგიონულ დონეზე კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას და მართვას, მედიასთან ნაყოფიერ ინფორმაციულ თანამშრომლობას, ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმების დანერგვას და სხვა. ანგარიშის ამოწურვის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. კომიტეტმა ცნობად მიიღო მოსმენილი ანგარიში. კომიტეტის რეკომენდაციები კონკურენციის სააგენტოს წერილობით გადაეგზავნება. სხდომაზე იმსჯელეს კომიტეტის ფარგლებში თემატური მოკვლევის ჯგუფების შექმნის თაობაზე. ესენია თემატური ჯგუფები: „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“ და მოკვლევის ჯგუფი „საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, თემატური მოკვლევის ჯგუფი ყურადღებას დაუთმობს და შეისწავლის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის პრობლემებს და ასევე ხელშეწყობის რა მექანიზმები შეიძლება იყოს მოფიქრებული სექტორის დახმარების მიმართულებით.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ „განახლებადი ენერგეტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს განვითარებას, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს ენერგოდამოუკიდებელი და ამ გამოწვევას პასუხობდეს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან დიდია ელექტროენერგიის იმპორტი და შესაბამისად, გენერაციის ზრდა აუცილებლად ხელს შეუწყობს კურსის სტაბილურობას. რადგანაც ეს არის სექტორი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, არა მხოლოდ ჩაანაცვლოს იმპორტი, არამედ აქვს საექსპორტო პოტენციალიც. შესაბამისად, ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, კომიტეტის ფარგლებში შევქმნათ თემატური მოკვლევის ჯგუფი და ერთად ვიფიქროთ ამ მიმართულების განვითარებაზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0