ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის გახსნა, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და 10 წლის შემდეგ, ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებული მამა – ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედია.
2006 წელი. 2 მაისი. თბილისი. ე.წ. კორტების მიმდებარე ტერიტორია. სამართალდამცველებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
პოლიციის მიერ კრიმინალებად გამოცხადებული ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მრავლობითი ჭრილობების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ. მესამე მამაკაცი, რომელიც ვაზაგაშვილთან და ხუბულოვთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა მძიმედ დაიჭრა.
ბონდო ფუთურიძემ მოგვიანებით დანაშაული აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საქმე დაიხურა.
2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო.
2015 წლის 2 თებერვალს კი მთავარმა პროკურატურამ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის, ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 პირი დააკავა.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი უფროსის მოადგილის ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესების მოტივით დაიგეგმა.
საქმეში ბრალდებულები იყვნენ პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანი და სპეცრაზმელები.
მოგვიანებით, დაკავებული 11 სპეცრაზმელის საქმე გაიყო, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ერთად განიხილებოდა, დანარჩენი 7 სპეცრაზმელის კი – ცალკე.
სპეცრაზმელები მიმდინარე წლის ზაფხულში, პირადი თავდებობის საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მათი საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ხუთთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ მოსამართლემ მიიჩნია, რომ კორტებთან ჩატარებული ღონისძიება სრულიად შეუსაბამო იყო დაკავების ღონისძიებისათვის გათვალისწინებულ სტანდარტებთან.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა 2006 წლის 2 მაისის მომხდარ ფაქტს „სისხლიანი სპეცოპერაცია“ უწოდა.
საქმეზე ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს მოსამართლემ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კიდევ ერთი ბრალდებულ ლევან ბეროძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის დანაშაულისთვის 3 წელი მიესაჯა, რაც შეეხება სპეცრაზმის ყოფილ ხელმძღვანელს, კახაბერ ნაკანს, განზრახ მკვლელობა გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ვიდრე პროკურატურა ე.წ. კორტების საქმეს გახსნილად გამოაცხადებდა, 2006 წელს გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა საზოგადოება შეძრა.
პროკურატურამ საქმეზე მალევე დააკავა პოლიციელი გია სოსანაშვილი. სასამართლო განხილვებისას, სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებდა. წლის ბოლოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვაზაგაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილის დასჯა საკმარისი არ არის და მიიჩნევენ, რომ მკვლელობის შემკვეთები ჯერ კიდევ თავისუფლებაზე არიან.