წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 19-ში ბიულეტენების 100% დათვლილია

03/10/2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ცესკოში ოქმების ფაქტობრივად 100% შესულია და მხოლოდ რამდენიმე ოქმის მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 19-ში ბიულეტენების 100%-ია დათვლილია, საიდანაც 16-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო 3-ში მეორე ტური გაიმართება. როგორც კალანდარიშვილმა განაცხადა, თვითმმართველ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში და რუსთავში წინასწარი შედეგებით, მერების არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ თემებშიც შესაძლოა, გაიმართოს.

ამ დროისთვის, არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს: მარნეულში, წალკაში, ნინოწმინდაში, ამბროლაურში, ლენტეხში, აბაშაში, ხულოში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, დმანისში, თეთრიწყაროში, ყაზბეგში, ბორჯომში, ონში, ვანსა და ტყიბულში.

გარდა ამისა, დათვლილია კიდევ სამი მუნიციპალიტეტის თიანეთის, ცაგერისა და ბაღდათის საარჩევნო ხმების 100%. სამივე მათგანში, წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან საუკეთესო შედეგის მქონე მერობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. თიანეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატსა და თამაზ მეჭიაურს შორის გაიმართება. ცაგერში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხოლო ბაღდათში მოქალაქეებს მეორე ტურში „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0