საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. 5 კმ-იანი მონაკვეთი გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. წინარეხი-ქვათახევის გზის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე სამონასტრო კომპლექსის სტუმრებისათვის. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. რეაბილიტირდა მდინარე კავთურაზე არსებული ხიდიც. ასევე, მოეწყო ავტოსადგომი მონასტერთან და მიერთებები ადგილობრივ გზებთან, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 3.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
24/08/2023