წინაპარმა მოგვიპოვა ევროპა და 21-ე საუკუნის დასაწყისში, როგორც ჩანს, ჩვენი წინაპრის ღირსი აღმოვჩნდით, – განაცხადა დავით ბერძენიშვილი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესახებ. დეპუტატის თქმით, მთელი ქართული საზოგადოება ელოდება, რომ ჩვეულებრივი ქართული პასპორტებით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა შესაძლებელი იყოს.
„მთავარი რაც არის, არის ის, რომ წინაპარმა მოგვიპოვა ევროპა და ჩვენ, 21-ე საუკუნის დასაწყისში, როგორც ჩანს, ჩვენი წინაპრის ღირსი აღმოვჩნდით. აქ მე ვგულისხმობ ქვეყანას მთლიანად და ვგულისხმობ უკლებლივ ყველა ხელისუფლებას, რომელიც ყოფილა საქართველოში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ყველა ხელისუფლება ძალიან კარგად მუშაობდა.მისივე თქმით, მისწრაფება ნატო-სა და ევროკავშირისკენ – ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია – ქართული სახელმწიფოს ყველაზე წარმატებული რეალიზებული პროექტია.
„ამ თვალსაზრისით, საქართველო, როგორც სახელმწიფო, მრავალია წელია მუშაობს. ეს ის თემებია, როცა ხელისუფლებებს, ოპოზიციას, კვალიფიციურ, წესიერ, გულწრფელ პოლიტიკოსებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, პრინციპში არა აქვთ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები. ნატო-ს 2002 წელს მიუკაკუნა შევარდნაძემ. არც შევარდნაძე მიყვარდა, არც მისი მომდევნო სააკაშვილი, დღეს ხელისუფლებაში ვართ და ამასთანავე დამოუკიდებლად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას – ყველა ჩვენი ოპონენტია, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნება“, ვინაიდან საზიარო ამომრჩეველი „ქართულ ოცნებასთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ გვყავს – მოკლედ, ყველა ყველას ოპონენტია, ამის მიუხედავად სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო, მისი ყველა ხელისუფლება, მისი ყველა პოლიტიკური ძალა, ცალკეული მარგინალების გარდა, კარგად მუშაობს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.