წვიმამ გარკვეული ინფრასტრუქტურული დაზიანებები გამოიწვია

Thursday June 16th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლო პერიოდში გახშირებულმა წვიმებმა განსაკუთრებული პრობლემები იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და გზებს შეუქმნა, სადაც სანიაღვრე სისტემა არ იყო მოწყობილი. სოფელ ძველ ქვეშში ალმამედოვების მრავალსულიან ოჯახში არასწორად მოწყობილი სანიაღვრე სისტემის გამო, წყალი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევარდა. ოჯახმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.
გარდა ძველი ქვეშისა, უხვმა ნალექმა სოფელ აკაურთაში მრავალსულიან ოჯახსაც შეუქმნა პრობლემა, ისედაც დაზიანებულ კედელს ბზარები კიდევ დაემატა და ჩამონგრევის საშიშროების წინაშე დადგა.

„მყავს სამი შვილი, არ მყავს მეუღლე, ძალიან ძლიერი წვიმა მოვიდა და ისედაც ავარიული სახლი დააზიანა, კედელი ჩამონგრევის პირას არის. სახლი ორსართულიანია, მაგრამ მეორე სართულზე ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომ პირველ სართულზე, ერთ ოთახში ვცხოვრობთ ხუთი სული“, – აცხადებს ნარგიზი ხოზრევანიძე.

დაზიანებული გზები და დაზარალებული ოჯახები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა პირველ მოადგილესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.
გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის გამგებელი:

“გუშინდელმა წვიმამ ინფრასტრუქტურული კუთხით გარკვეული დაზიანებები გამოიწვია. დაზიანდა გრუნტის გზები, სადაც არ ფუნქციონირებდა სანიაღვრე სისტემები. დიდი ხანია ეს პრობლემები გვაწუხებს. ჯერ-ჯერობით საკმარისი რესურსები არ გვაქვს იმისთვის, რომ ყველა სოფელში ასფალტო-ბეტონის გზა გავიყვანოთ, თუმცა ინფრასტრუქტურის სამსახური ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ უმოკლეს პერიოდში ეს პრობლემები გადავჭრათ. მალე საგზო ინფრასტრუქტურა აღდგება და დავეხმარებით იმ ოჯახებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. ჩვენ გვაქვს სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ აუნაზღაურდებათ ზარალი”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0