სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წეროვანის დევნილთა დასახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო ქსელის მოწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 კილომეტრამდე წყალმიმყვანი მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი. დღეისათვის, უკვე გაყვანილია ჯამში 20 კმ სხვადასხვა დიამეტრის მილი. პროექტის დასრულების შემდეგ სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება წეროვანის დასახლების 2 000-ზე მეტი ოჯახის 80 ჰექტარი საკარმიდამო ნაკვეთი. პროექტის ღირებულებაა 2 080 900 ლარი. წეროვანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით ჯალაბაძე და შპს „საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი ლევან დვალი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი ფართობი რეგიონში 9 600 ჰექტრამდე გაიზარდა.
წეროვანის დევნილთა დასახლებაში საირიგაციო ქსელი ეწყობა
27/11/2016