წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

21/03/2024

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების მატჩთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური ფანზონა მოეწყობა. მისი თქმით, გულშემატკივარს, რომელმაც მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვერ შეძლო, თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრის ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება.

„დღეს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი დღეა. „დინამო არენაზე“ გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებთან. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილია იმით, რომ ვერ შეძლო თამაშზე დასასწრები ბილეთის ყიდვა, სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე. ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი და ფანზონა მოვაწყოთ. ასევე, ბავშვებისთვის გაიმართება გასართობი ღონისძიებები. ტერიტორიაზე კვების ობიექტები და საქართველოს ნაკრების ფანშოპი განთავსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დღევანდელ მატჩში გამარჯვება უსურვა.

„მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატებები და გამარჯვება ვუსურვო. ყველა ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა. მინდვრის ყველა მონაკვეთზე, ყოველ სანტიმეტრზე, ყოველ მეტრზე მიღწეულ გამარჯვებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. კარგად მესმის, რომ ეს თითოეულ ფეხბურთელს გათვითცნობიერებული აქვს. ამ შემართებით, სულისკვეთებითა და პატრიოტიზმით, დღეს საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ეს არამხოლოდ ქართულ ფეხბურთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მომავალს სჭირდება. სამწუხაროდ, ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, არ მომეცა საშუალება, რომ ჩვენს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, თუმცა დღევანდელ ნაკრებს აქვს შესაძლებლობა, ქართველი გულშემატკივარი გაახაროს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და ყურადღება საზოგადოების ინფორმირების პროცესში ჟურნალისტების როლზეც გაამახვილა.

„დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მინდა, პირველ რიგში აქ დამსწრე მედიის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც ამ პროფესიას კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად ემსახურება, მივულოცო დღევანდელი დღე. ვისურვებდი, რომ ქართული ჟურნალისტიკა ემსახურებოდეს საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებს და პირნათლად ასრულებდეს იმ უდიდეს როლს, რასაც საზოგადოების სწორად ინფორმირება ჰქვია. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა. თბილისის მერის თქმით, ამ ტერიტორიაზე, დროთა განმავლობაში, შესამჩნევი გახდა მიწის ჩამოშლის ფაქტები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო. სამუშაოები, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარით დაფინანსდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, უჩანეიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დღეისთვის სრულიად უსაფრთხოა.

„ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა. საშიშროება მოხსნილია. პროექტის წარმოების ფარგლებში, იყო გარკვეული გამოწვევები კომპანიასთან, ასევე, „წითელ ხაზებთან“ დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოგვიწია გარკვეული შეთანხმებების მიღწევა და ყველას მადლობას ვუხდი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა განაცხადა, რომ 23 მარტიდან N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 მარშრუტებს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ოთხი კვირის განმავლობაში, ავტობუსები, ჯამში, 24 მარშრუტს დაემატება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები. ჩვენ უკვე შემოვიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. 50 ავტობუსი უკვე დედაქალაქს ემსახურება. ამჯერად კი, 24 მარშრუტს გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რათა მოცდის დრო შევამციროთ და მეტრი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ. პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე: N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე; N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი; N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე. თბილისის მერის განცხადებით, ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე – 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე – 9 წუთი. კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებისთვის ქალაქში გადაადგილება იყოს ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტული. შესაბამისად, ახალი ავტობუსების შემოყვანა და 18-მეტრიანი ავტობუსების დამატების პროცესი გაგრძელდება. თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ექსპერტიზით დადგენილი მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამო, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება. მისივე თქმით, აღნიშნული ხიდის მდგომარეობიდან და დიდი ფინანსური რესურსის საჭიროებიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაცია გამოირიცხა.

„აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. ის არ არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც, ფაქტობრივად, ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეითთა გადასასვლელები და შუქნიშნებია მოწყობილი, ხიდი კი უფუნქციო გახდა.

„იუსტიციის სახლთან მოწყობილია ქვეითთა გადასასვლელები, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, განხორციელდეს იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ. მისივე თქმით, წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ვგეგმავთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების სანომრე ნიშნების რეგისტრაციაში იმისთვის, რომ ვინც წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობთ, ავტომანქანის გაჩერება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, მისივე განმარტებით, მძღოლებს გასული წლის პირველი აპრილიდან საკუთრებაში გადაეცათ A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რისი გააქტიურებისთვის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ.

„გაითვალისწინეთ, რომ პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საქართველოს მოქალაქეებსა და სტუმრებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მისი თქმით, თბილისში, როგორც მულტიკულტურულ ქალაქში, ისე მთელ საქართველოში ამ დღესასწაულს არაერთი ადამიანი აღნიშნავს.

„გუშინ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული დაიწყო. მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს და სტუმარს, ვინც დღევანდელ დღეს ზეიმობს. ეს არის ბუნების განახლების, გაზაფხულის, გამწვანების, სიცოცხლის დღესასწაული, ერთგვარი ახალი წელი, რომელიც ოჯახურ გარემოში აღინიშნება. ჩვენს მულტიკულტურულ ქალაქში და მთლიანად საქართველოში ბევრი ოჯახი აღნიშნავს ამ დღეს. ვულოცავ თითოეულ მათგანს, ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0