წელს კარტოფილის მოსავალი მაღალხარისხიანობით გამოირჩევა – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახალქალაქში ყოფნისას განაცხადა, სადაც ის ადგილობრივ ფერმერებთან ერთად კარტოფილის მოსავლის დაბინავების პროცესს დაესწრო.
„ჯავახეთის რეგიონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია კარტოფილის წარმოების თვალსაზრისით. ეს საქართველოში სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურაა და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში პროგრესიც გვაქვს. წელს, დაახლოებით, 250 ათასი ტონის წარმოების ნიშნულზე გავედით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას მთლიანად ქართული წარმოება აკმაყოფილებს, რითაც იმპორტზე დამოკიდებულება შემცირებულია და თვითუზრუნველყოფა ფაქტობრივად 100%-იანი გვაქვს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება და ოდენობის ზრდა დამოკიდებულია, როგორც რეგიონში არსებულ სასურველ კლიმატსა და ნიადაგზე, ასევე სამინისტროს მიერ გახორციელებულ ღონისძიებებზეც.
„მოსავლის ზრდა, რამდენიმე წლიანი დაუღალავი თანმიმდევრული მუშაობის შედეგია, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთის მხრივ ფერმერებთან მივიტანეთ ცოდნა თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენების კუთხით და შესაბამისად მათ გაზარდეს პროდუქტიულობა. იმისთვის რომ საჰექტრო მოსავალი იყოს კარგი და ხარისხი მაღალი მნიშვნელოვანია, რომ სათესლე მასალა იყოს სანდო და ამ კუთხითაც დავიწყეთ მუშაობა. რამდენიმე წელიწადში ჩვენ გვექნება სერტიფიცირების სრულყოფილი სისტემა. კანონი თესლის სერტიფიცირების შესახებ ჩვენ უკვე მივიღეთ და დავიწყეთ ნებაყოფლობითი სერტიფიცირება რამდენიმე ფერმერული მეურნეობის. ეს კი, ფერმერებს ეხმარებათ, რომ ხარისხიანი სათესლე მასალა გამოიყენონ და ხარისხიანი პროდუქტიც მიიღონ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა წლევანდელ წელს კარტოფილის ექსპორტის ზრდაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ფერმერების მოტივაცია ამაღლებულია.
„კარტოფილის ხარისხი განაპირობებს იმასაც, რომ საქართველოდან წელს ექსპორტის ოდენობა გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ კარტოფილი საინტერესო საექსპორტო კულტურა გახდა. 35 ათას ტონამდე კარტოფილი უკვე ექსპორტირებულია და წლის ბოლომდე ეს რიცხვები მნიშვნელოვნად გაიზრდება. კარტოფილის ექსპორტიდან ფერმერებმა 5 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. თუმცა, ვხედავთ, რომ ხარისხიან კარტოფილზე შიდა ბაზარზეც საკმაოდ მაღალია მოთხოვნა, შედარებით მაღალია ფასებიც, რაც დამატებით მოტივაციას ახდენს ფერმერებისთვის,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წელს კარტოფილის მოსავალი მაღალხარისხიანობით გამოირჩევა
09/10/2017