ძველ ხიბულაში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები ივლისში იწყება

14/05/2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ სოფლის გაზიფიცირების შესახებ ესაუბრნენ. გაზიფიცირების პროექტის თანახმად, ძველ ხიბულაში სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება. განხორცილებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი აირის სარგებლობის შესაძლებლობა სოფელ ძველ ხიბულაში მცხოვრებ 290 ოჯახს მიეცემა. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გახსნისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. უახლოეს პერიოდში დაიწყება მუზეუმის ეზოში პარკის გაშენება, ასევე მოხდება ეკლესიის მშენებლობა. „ქართუ ჯგუფის „ პროექტის ფარგლებში, მუზეუმის გახსნა ზაფხულის ბოლოს იგეგმება.
ასევე, სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო.პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფლის წყალმომარაგების პრობლემას და ადგილობრივებს სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდებით უზრუნველყოფს.
ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქანთარიოს უბანში 5,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირდება სამი ხიდი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი გაბიონები და გარე განათება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე უკვე შეაფასა ძველ ხიბულაში სარეაბილიტაციო საგზაო მონაკვეთები საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად. ძველი ხიბულის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. ასევე გადაწყდა, რომ მოწესრიგდება სოფლის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ და შიდა გზებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0