ძალიან მოკლე დროში, შევძელით მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება

20/02/2023

„შარშან შემოდგომაზე დავიწყეთ თხილის ხელშეწყობის პროგრამა. პირველი ამოცანა იყო ფართობების იდენტიფიცირება და კადასტრის შექმნა. ავიყვანეთ 150-მდე ახალგაზრდა, რომელიც გადავამზადეთ. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. ყველა სოფელში ვიყავით შესული და მოვემსახურეთ ჩვენს ფერმერებს. მინდა მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ფერმერებს აქტიურობისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას და ჩვენი სააგენტოს ახალგაზრდებს, თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გაწიეს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართლ შეხვედრაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, 37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის ბაღი არის რეგისტრირებული კადასტრში. ბაღების მფლობელების, თანამესაკუთრეების ჩათვლით, რაოდენობა შეადგენს 85 ათასზე მეტს.

„ჩვენ დაახლოებით სამი თვის ფარგლებში, ძალიან მოკლე დროში, შევძელით მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება. თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება აპრილამდე. ფერმერებს ექნებათ საშუალება, რომ მივიდნენ მუნიციპალურ ცენტრებში და სოფლის განვითარების სააგენტოს საკონსულტაციო სამსახურებში დარეგისტრირდნენ პროგრამაში. როგორც კი დასრულდება პროცესი, დაიწყება ლიბერთი ბანკისთვის შესაბამისი მონაცემების მიწოდება და ჩვენს ფერმერებს, თხილის ბაღების მფლობელებს დაერიცხებათ ბარათებზე ქულები; როგორც თქვენთვის ცნობილია, 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება არის გათვალისწინებული, რომლის გამოყენება შეეძლებათ მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წელს აქტიურად გააგრძელებს შესაბამის სამუშაოების განხორციელებას.

„ერთობლივად, სწორედ ფერმერების და ჩვენი სამსახურების აქტიურობით, ჩვენ შევძლებთ, რომ წელს გვქონდეს ბევრად უკეთესი ხარისხის და რაოდენობის მოსავალი, რაც, ვფიქრობ, მეტ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ფერმერებს. იცით, რომ თხილი ის ერთ-ერთი აგრარული პროდუქტია, რომლის ექსპორტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. შარშან, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა წარმატებული იქნება. მცენარეთა მოვლის საშუალებების გამოყენებით ფერმერები შეძლებენ მიიღონ უკეთესი ხარისხის და უფრო მეტი რაოდენობის თხილის მოსავალი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0