„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ თანადაფინანსებულ ერთ ლარზე ინვესტირებულ თანხაზე სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების სახით 1.6 ლარი პირველივე წელს უბრუნდება. ეს მაჩვენებელი აჩვენებს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ასეთი ტიპის ინტერვენცია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაციისას. ღონისძიებას პროგრამის ბენეფიციარები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს როლსა და მის მიერ გამოყენებული მექანიზმების მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად კატეგორიას, რომელიც ყველაზე მოწყვლადია იმისთვის, რომ მათ ეკონომიკურ შოკებს გაუძლონ და წარმატებულები იყვნენ. რაც შეეხება დასაქმებას – 58 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული „აწარმოე საქართველოში“-ს მხოლოდ იმ პროგრამების ფარგლებში, რომლებიც გაანალიზებულია“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბოლო 5 წლის მონაცემებს – ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს. შეფასებისთვის შეირჩა ინდუსტრიული ნაწილის 292 ბენეფიციარი. სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.