ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია

16/06/2021

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ეს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტშიც არის ასახული. ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება. შედეგიც სახეზეა – ბევრი ქუჩის რეაბილიტაცია-განახლება მოხდა, რაც რა თქმა უნდა, საამაყოა. პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებს გვიხარია, რომ ამ წლების განმავლობაში ამდენი კარგი და ქალაქისთვის საჭირო პროექტის განხორციელება შევძელით, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით არ ვკმაყოფილდებით, რადგან ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომელთაც მოგვარება სჭირდება. მომდევნო წლების განმავლობაში, ამ ტენდენციის გაგრძელება აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენასა და რეაბილიტაციას.

„ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაციაც. ძველი თბილისი, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები ის სიმდიდრეა, რომელიც ქალაქს გააჩნია და რომლითაც ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ამაყობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება საკუთარი სახლების მოწესრიგებასა და განახლებას. ეტაპობრივად მივყვებით, ყველაფერს განვაახლებთ და მოვაწესრიგებთ, რომლის შედეგადაც, გვექნება ისეთი განახლებული უბნები, როგორებიცაა: ახალი აღმაშენებელი, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები. მსგავსი ტიპის სამუშაოები მომავალში სხვა ქუჩებზეც იწარმოებს და კონკრეტული უბნების განახლება-მოწესრიგება მოხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. დღეს, 20:00საათზე ოფიციალურად გაიხსნება დედაენისა და 9 მარტის ბაღები, რომელიც განახლებული და რეაბილიტირებულია.

„გარდა ამისა, გასულ წელს დავასრულეთ მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების სრული რეაბილიტაცია, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში, განხორციელდა ამ ტერიტორიის სრული, კაპიტალური რეაბილიტაცია. ტერიტორია მთლიანად არის განახლებული მიწისქვეშა კომუნიკაციებითა და სარწყავი სისტემებით. მეამაყება, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ დედაქალაქს კიდევ ერთი, ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე დაემატა. ეს ორი პარკი ერთმანეთს გვირაბით უკავშირდება და ფაქტობრივად, ერთი დიდი სივრცე იქმნება, სადაც მოქალაქეებს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა აქვთ. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა სკეიტ პარკი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, რომლითაც უამრავი ახალგაზრდა სარგებლობს. დღეს შეგვიძლია, ეს ყველაფერი ერთად დავათვალიეროთ. საზოგადოება საკუთარი თვალით ნახავს, თუ რა პროექტი განხორციელდა. დღეს, 20:00 საათზე გვექნება კონცერტიც და იქ მოსულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიტვირთონ და დაისვენონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც ყურადღება გამახვილდა, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერია. დედაქალაქის მერის განცხადებით, სოფელ თხინვალაში, მუნიციპალური ტერიტორიიდან, რომლის გასხვისებაც მოხდა, გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი განთავსდება.

„სოფელ თხინვალაში გვქონდა მუნიციპალური ტერიტორია, რომლის გასხვისება მოვახდინეთ. ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნა იყო, რომ არსებულ ტერიტორიაზე გაკეთებულიყო სკვერი. მინდა, მადლობა გადავუხადო ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძეს. მისი აქტიური ჩართულობითა და ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობით, მოსახლეობასთან შედგა ხშირი კომუნიკაცია. შედეგად, ამ მუნიციპალური მიწის ნაკვეთიდან გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა. აღნიშნულ ადგილას ვაკის რაიონის გამგეობა მოაწყობს სკვერს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის სახელობის იქნება. თუ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამგეობას რაიმე პრობლემა შეექმნება, ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მზადაა, მაქსიმალური თანადგომა გამოგიცხადოთ, რომ პროექტი განხორციელდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გიორგი ანწუხელიძე სოფელ თხინვალას ხშირად სტუმრობდა, სადაც მის შვილებს სახლი დღესაც აქვთ.

„როგორც იცით, გიორგი ანწუხელიძე ხშირად სტუმრობდა სოფელ თხინვალას, სადაც მისი დედა, ლილი ანწუხელიძე ცხოვრობდა. ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს – ლევანს და ანას დღესაც აქვთ სახლი თხინვალაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, გმირი მამის სახელობის სკვერში დაისვენონ. ძალიან ლამაზი სივრცე იქნება. ახლოს არის სპორტული მოედანიც და თუ მისი რეაბილიტაცია იქნება საჭირო, მასაც განვაახლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდი ჯოვანი სკუდიერის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

„ჯოვანი სკუდიერის ქუჩაზე სამუშაოები დავიწყეთ. გვინდა, ამ კონკრეტული სივრცის მთლიანად განახლება. ეს არის დედაენის ბაღის ქვედა ტერიტორია, იუსტიციის სახლთან ახლოს, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელი იყო. შესაბამისად, 9 მარტისა და დედაენის ბაღების განახლების შემდეგ, ამ სივრცის დატოვება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ტერიტორიის მთლიანად განახლება-მოწესრიგება. მხატვრებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ამ სივრცეს იყენებს, მოეწყობა შესაბამისი ადგილები, რათა თავიანთი საქმიანობა კომფორტულად გააგრძელონ. სამუშაოების ხანგრძლივობა, დაახლოებით, ხუთი თვე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში ავტომანქანის გაჩერება საათში ერთ ლარად, ჯამში, 5 000-მდე საპარკინგე ადგილზეა შესაძლებელი. ქალაქში დამატებით, 1 315 საპარკინგე ადგილზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება.

„შეირჩა კიდევ რამდენიმე ქუჩა, სადაც ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. კერძოდ, საბურთალოს რაიონში, დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ადგილს შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირება. სადგურის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ასევე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩებზე 281 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი იქნება. გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ასევე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. სამგორში, როგორც „ვარკეთილის“ მეტროს მიმდებარედ, ისე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე 117 ადგილი იფუნქციონირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პარკირება ზემოთხსენებული ქუჩების მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასო იქნება.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაციისთვის საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები იმოქმედებს დოლიძის ქუჩა №24-ში, ალექსიძის ქუჩა №1-ში, ბახტრიონის ქუჩა №13-ში, ბახტრიონის ქუჩა №30-ში, ცინცაძის ქუჩა №61-ში, ლორთქიფანიძის ქუჩა №10-ში, აბასთუმნის ქუჩა №1ა-ს მოპირდაპირედ, სადგურის მოედანზე, კერძოდ, გოგოლის ქუჩა №32-ში, გობრონიძის ქუჩა №2ა-ში და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობას, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციასა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდებისა და კლუბების წახალისებას.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა დააფინანსებს 2021 წელს დაფუძნებულ, ქალთა და შშმ პირთა გუნდებს და კლუბებს, რომელთა იურიდიული მისამართი და ფუნქციონირების ადგილი არის თბილისი.

„აღნიშნული დაფინანსება გაიცემა სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შესაძენად ან სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდებიან ქალთა და შშმ პირთა გუნდები და კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი და ფუნქციონირების ადგილი ჩემპიონატის მიმდინარეობამდე და მიმდინარეობის დროს არის თბილისი. ამ გუნდებიდან პირველ ადგილზე გასული მიიღებს – 10 000 ლარს, მეორე ადგილის მფლობელი – 8 000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული – 5 000 ლარს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0