ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ საზღვაო განათლება იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი

26/06/2021

მეზღვაურის საერთაშორისო დღე წელს საქართველოში მეათედ აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელშიც საზღვაო ინდუსტრიის საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მეზღვაურებს პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში გელა გიორგაძემ მიულოცა.

„ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველო, როგორც საზღვაო სახელმწიფო, აღნიშნავს მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი შემადგენლობა ქართველი მეზღვაურების, რომლებიც არიან ძალიან მოთხოვნადები, ძალიან კონკურენტუნარიანები, მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოებულები და მათზე მაღალი მოთხოვნაა სხვადასხვა, მათ შორის ევროპული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, მეზღვაურებს ყოველწლიურად სერიოზული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. დაახლოებით 300 მილიონი დოლარის შემოსავალი შემოდის საქართველოში მამაცი პროფესიონალების მუშაობის შედეგად.

“ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ საზღვაო განათლება იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომ ქართველი მეზღვაურები უფრო მარტივად საქმდებოდნენ რაც შეიძლება მეტ გემზე მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ჩვენი ქვეყნის, როგორც საზღვაო ევრაზიული კარიბჭის, საზღვაო სახელმწიფოს წარმოჩენა საერთაშორისო არენაზე“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იმისთვის, რომ საქართველოში აღდგეს თევზჭერის ფლოტილია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, 13 ახალი თევზსაჭერი გემი შენდება, რაც ადასტურებს, რომ სახელმწიფოსთვის საზღვაო დარგის განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტის ღირსების ორდენი და ჯილდოები საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საზღვაო დარგის ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს გადაეცათ. მეზღვაურის დღის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორს (DAI) შორის, ხელი მოეწერა მემორანდუმს საზღვაო ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხებზე. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ზღვაში დაღუპული მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონიით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0