თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ფარული ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ბოლო პერიოდში ინტერნეტით გავრცელდა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყოს მომზადებული. ვიდეო ჩანაწერების გამოყენება ძირითადად ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ხდება.
“არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომზადებულია მათ მიერ, რადგან ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერია გატანილი აქედან. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს ჩანაწერები აქაც იყოს დასაწყობებული ერთ ადგილზე. ისინი ამას იყენებენ ერთმანეთის შანტაჟისთვის და მეორე მხრივ, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. თუ ვინმეს არ აწყობს აღნიშნული ჩანაწერების გამომზეურება, ეს არის ხელისუფლება. ხელისუფლება მაინც პასუხისმგებელია ყველა იმ მოვლენაზე, რაც ქვეყანაში ხდება. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის ისეთი სახის დანაშაული, რომელიც შეიძლება ჩადენილი იყოს ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიიდან. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მათ მიერ და მათი სატელიტური პარტიების მიერ, რომელიც შემდგომში ამას იყენებენ არცთუ ისე წარმატებით, ხელისუფლების წინააღმდეგ და ამის გადაბრალება ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის უნდათ. გამოძიება ეფექტური რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ამის ადრიდანვე აღკვეთა. იმის სათავეების მაქსიმალურად ამოძირკვა, რომლებმაც ამას ჩაუყარეს საფუძველი”, – განაცხადა მეჭიაურმა.