ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გოგა ხაინდრავას ფილმის ”ჰეროკტარიას” ახლა გამოსვლას ორი მიზეზი აქვს.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის შესახებ ფილმის გადაღება მისი იდეა იყო.
”რაც შეეხება ფილმს, რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო და ძალიან მინდოდა. ამ ფილმის გადაღებაზე საუბარი დაიწყო 2-2,5 წლის წინ. 9+1-იც ჩემი მოგონილი სათაურია და ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა მას – ”ჰეროკრატია”. რაც შეეხება იმას, რომ ახლა ხდება – ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადაღებას. 24 სერიანი, მასშტაბური ფილმია და დიდი დრო დასჭირდა და დაემთხვა, თორემ უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩვენება. ის, რომ დღესაა და ეს დამატებით კითხვებს იწვევს, თუ რატომ, მე ვფიქრობ, რომ კარგია. უფრო ადრე რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, რამეთუ არჩევნების ჩატარებაში ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მასთან იყო შეკითხვები, ხომ არ გამოწვევს ეს ფილმი ქუჩაში აქციებს, თუმცა ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა იქვე დასძინა, რომ ”ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ჭყინტი ერი”. მისივე განცხადებით, სახიფათოები ”ნაცები” არიან, ”რამეთუ სულ ძალაზე იყვნენ მომართულები”. ასევე მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტიც ისეთივე ღარიბია, როგორიცაა დღეს ჩვენი ეკონომიკა, ”მაგრამ ამ ყველაფერს დრო უნდა, ამას უნდა აღზრდა, ამას უნდა კარგი დაკვირვება, კარგი სელექცია..”
”ეს ყველაფერი პროცესია, ისევე როგორც ეკონომიკაში სწორად უნდა შეარჩიო პროექტები, ასევეა აქაც. მე არ ვიტყოდი, რომ დღეს თეთრსა და შავს შორის არის არჩევანი, პარტიები არსებობენ, მათ აქვთ ის რეიტინგი, რაც აქვთ. ამაში არ არის ჩემი წვლილი არანაირი. მათ რაც მოახერხეს, საზოგადეობა ასე აფასებს მათ”, – განაცხადა ივანიშვილმა.