ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთნაირ სქესიანთა ქორწინების შესახებ სარეფერენდუმო საკითხი გააუქმა. როგორც ცესკო-ს გუშინდელი სხდომის შედეგებშია ნათქვამი, გაუქმდა რეგისტრაცია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა) მიერ წარმოდგენილი საკითხის – „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?”.
როგორც ცესკო-ში განმარტავენ, რეგისტრაციის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს 2016 წლის 29 მარტს გადაეცა, რომელსაც შეჯამებული მონაცემები ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოედგინა მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული შეჯამებული მონაცემები ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლები საინიციატივო ჯგუფს ცესკო-ში არ წარუდგენია.
აღნიშნული განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.