ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომრები წილისყრის გარეშე მიანიჭა

24/08/2016

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომრები წილისყრის გარეშე მიანიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ 9 ხმით მიიღო. როგორც სხდომიდან გამოსულმა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ ხიდაშელმა განაცხადა, ცესკომ დღეს სასათბურე პირობები შეუქმნა აღნიშნულ ორ პარტიას და ეს გააკეთა კანონის მოთხოვნების დარღვევით.

„რესპუბლიკელები“ აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. „ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს წილისყრის გარეშე ანიჭებს არჩევნებში მონაწილეობის ნომერს, არის კანონთან შეუსაბამო. ეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პოლიტიკურ სუბიექტებს, რადგან ამ პოლიტიკურ სუბიექტებს 8 სექტემბრამდე შეეძლებათ კამპანიის წარმოება უკვე განსაზღვრული ნომრით, მაშინ, როდესაც სხვა საარჩევნო სუბიექტებს და ასეთი მხოლოდ „რესპუბლიკური პარტია“ არაა, მოგვიწევს დაველოდოთ ცესკოს სხდომას, რომელიც 8 სექტემბრამდე ნებისმიერ დღეს გაიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება წინასაარჩევნო კამპანიის დროს მივუთითოთ ჩვენი რიგითი ნომერი. ამ გადაწყვეტილებაში ცალსახად ჩანს და ვხედავ პოლიტიკურ გავლენას პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, სასათბურე პირობები ჰქონდეთ პარტია „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0