ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მისაქციელში, ნატახტარსა და ახალუბანში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს, მათთან ერთად სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრეს და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მიზნობრივ პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნატახტარში. პროექტის ფარგლებში არსებული შენობა სრულად განახლდება და კეთილმოეწყობა. რამდენიმე თვის წინ სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც გაიხსნა. ეტაპობრივად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სამივე სოფელში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო ნატახტარში და განხორციელდა გარე განათების მონტაჟი ახალუბანში, ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის სისტემას მისაქციელში.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, მისაქციელში, ნატახტარში და ახალუბანში არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის გზებზეც იმსჯელეს. პრიორიტეტულ მიმართულებებად საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა.
„ხელისუფლებასა და ხალხს შორის კომუნიკაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, მცხეთის სოფლების – მისაქციელის, ნატახტარისა და ახალუბნის მცხოვრებლებს შევხვდით და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს გავეცანით. სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები მაქსიმალურად მოერგოს ადგილობრივ საჭიროებებს და დადებითად აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას.
მცხეთა-მთიანეთში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან ყაზბეგისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების უკვე 6 სოფელში შედგა.