ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიონის, არშისა და გარბანის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს

08/08/2019

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში – სიონში, არშაში და გარბანში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრნენ და მათთვის აქტუალური საკითხები მოისმინეს.
სოფლებში – სიონი, არშა და გარბანი – 2019 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მიმდინარეობს სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდისა და სიონში კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები, რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელ კორპუსს არშაში და სამივე სოფლის საჯარო სკოლებს. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სიონში, არშაში და გარბანში სკვერები და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. ახლახანს კეთილმოეწყო სიონის ამბულატორია. ასევე, დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სიონში და შიდა გზების მოწყობა არშაში.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ძირითად პრიორიტეტებად მიწების რეგისტრაციის, შიდა გზების მოწესრიგებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხები გამოიკვეთა.

„ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ტიპის შეხვედრებზე იკვეთება ადგილობრივებისთვის აქტუალური საკითხები, რომლებიც გვეხმარება სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში. შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად ინტენსიურად ვიმუშავეთ, რათა მიმდინარე წელს განსახორციელებელი ყველა პროექტი ადგილობრივ საჭიროებებს მორგებოდა და იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მიზანია რეგიონის მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ყაზბეგის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად რეგიონის ყველა დასახლებას მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0