ჩხოროწყუში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ლევან შონიამ, ჩხოროწყუს გამგებელმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ აღსაზრდელებთან ერთად გახსნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების
წარმომადგენლები, აღსაზრდელთა მშობლები, სოფლის მოსახლეობა, რომლებმაც მადლიერება გამოთქვეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბაღების მშენებლობისათვის.
დაბის საბავშვო–ბაგა ბაღი 200 აღსაზრდელზეა გათვლილი. მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 414 999 ლარი შეადგინა.
დაბა ჩხოროწყუს აქამდე საბავშვო ბაღის შენობა საერთოდ არ ჰქონდა და სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ შენობაში მიმდინარეობდა.
ამჟამად ბაღში 168 აღსაზრდელი ირიცხება.
ფუნქციონირებს 6 ჯგუფი.
264 910 ლარით რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა ასევე 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი სოფელ ახუთში. ბაღში 39 აღსაზრელი სწავლობს.
დღეიდან ბაღის აღსაზრდელებს სრულიად განახლებულ , თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობებში შეუძლიათ სკოლამდელი განათლების მიღება.
2015 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 4 საბავშვო ბაღი აშენდა. წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ხაბუმეში მიმდინარეობს.
ლევან შონია ,დათო გოგუა და ბესიკ ესებუა, სოფელ ახუთში, საბავშვო ბაღის გახსნის შემდეგ იქვე შეკრებილ ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
15/06/2016