მცხეთის მცხოვრებლების ერთი ნაწილი რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს მხარდაჭერას უცხადებს. მოსახლეობა ჩოჩელის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მცხეთაში „ქართული ოცნების“ კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძესაც მიმართავენ. ჩოჩელის მხარდამჭერების შეფასებით, ხუნდაძე დემაგოგიურ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს.
”დავიღალეთ თქვენი დემაგოგიით, უტიფარი გამოსვლებით, სიცრუით, გაიძვერობით. იქნებ ერთხელ მაინც, ერთმა ადამიანმა მაინც გირჩიოთ ჭკვიანურად, რომ შეეშვათ ფურთხებას 4 წლის მერე, როცა პირველად გხედავთ საკუთარი, მოტყუებული ამომრჩეველი. ახლა მაინც გვითხარით ადამიანური ენით რა გინდა, რისთვის მოდიხარ, დაგრჩათ კიდევ რამე გადასაჭმელი? ვცდებით? – იქნებ ვერ დავინახეთ და ვერ გავიგეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში თქვენი გაკეთებული საქმეებს შესახებ. გვითხარი, გისმენთ მაგრამ… – სათქმელი არაფერი გაქვთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც არაფერი გაგიკეთებიათ და არც მომავალში გაქვთ რაიმეს შანსი. მხოლოდ ჯანდაცვაში განხორციელებულ პროექტს ჩამოჰკიდებიხართ და გაიძახით: – ერმა თავი უნდა დამიხაროს, ეს ჩემი დიდი დამსახურებააო! არც არავინ გიკარგავთ ბატონო დიმიტრი, დიახ, თქვენი დამსახურებაა ის, რომ დღეს თქვენც, ვისაც ხელფასი 4000 ლარი გაქვთ და სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირსაც, ერთნაირად გემსახურებათ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. დიახ, ლომის წვლილი სწორედ თქვენ მიგიძღვით საყოველთაო ჯანდაცვისთვის განკუთვნილი თანხების ასეთ უსამართლო, უთანასწორო გადანაწილებაში. რაც შეეხება „ოცნების“ სიაში თქვენს პოზიციონირებას, დიდი დაკვირვება და ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ 40 ნომრად თქვენი ჩაწერა რას ნიშნავს, თორემ ის ხალხი, ვინც „ოცნების“ მაჟორიტარობის მართლა ღირსეული კანდიდატია და რომლის გამაჯვებაშიც არავის ეჭვი არ ეპარება, სიაში რიგით 91, 92 … წერია. ბატონო დიმიტრი, თქვენ თქვენი დემაგოგიური, ცილისმწამებლური, ზღვარს გადასული, აკრძალული მეთოდებით შეურაცხყოფთ ყველას და ყველაფერს, მათ შორის „ოცნების“ პარტიასაც. ვწუხვართ, მართლა გულწრფელად განვიცდით, რომ „ოცნებამ“ ასეთი უღირსი კანდიდატი წარმოგვიდგინა. ჩვენ, არცერთი დიმიტრი ხუნდაძეს არ ვიმსახურებთ. დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ სწორედ დიმიტრი ხუნდაძისნაირებმა, თქვენნაირებმა მოახერხეს და შეარყიეს ნდობა „ოცნების“ მიმართ და ვშიშობთ, რომ თქვენი ისტერიული კივილით, ლაჩრული საქციელით, დეპუტატობის სავარძელს ჩაბღაუჭებული კიდევ ბევრ ზიანს მიაყენებთ საკუთარ პარტიას“, – ნათქვამია ჩოჩელის მხარდამჭერების განცხადებაში.
მათი განმარტებით, მცხეთელები დიმიტრი ხუნდაძესა და ცეზარ ჩოჩელს შორის განსხვავებას კარგად ხედავენ.
„იქნებ ჯობდა, გამოსულიყავით და იმაზე გესაუბრათ, რაც ვერ შეძელით, რომ გაგეკეთებინათ და რაც გააფუჭეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ქართველები, მიმტევებელი ერი ვართ და თანაგრძნობის გამო მაინც შემოვხაზავდით საარჩევნო ბიულეტენზე თქვენს სახელსა და გვარს. იქნებ მოგვეწადინებინა და გვეპატიებინა კიდეც თქვენთვის მილიონობით კვადრატული მეტრი საძოვრების გასხვისება. იქნებ გვეპატიებინა ასე, ცალსახად ყბადაღებული დაზღვევისა და სააფთიაქო ნარკომანიის თემები. იქნებ შეგვეძლო როგორღაც და კითხვა არ დაგვესვა თქვენივე „დანიშნულ“ და არა არჩეულ გამგეობისა და საკრებულოს წევრების მიერ არაერთგზის უკანონო და კორუმპირებულ ქცევებზე, გაყალბებულ ტენდერებზე, ოჯახის წევრების, მეუღლის დასაქმებასა და უკანონო შემოსავლებზე, სიცრუით შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაზე, შეურაწყოფილ ხეობელებზე… უფრო მეტს აღარ დავკონკრეტდებით. დიახ, თქვენ თავად ხართ პრობლემა თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის. თქვენი „სიძლიერე“ ის სახელისუფლებო ცნობადი სახეები, ყავარჯნების მოვალეობას ასრულებენ-არ წაიქცეთ, მაგრამ თქვენ იმდენად არაკონტროლირებადი ხართ, დიდხანს ისინიც ვერ შეძლებენ თქვენთან ერთობას. სწორედ თქვენი ქმედების, უღირსი საქციელის, აკრძალული მეთოდებით ბრძოლის შედეგია ის, რომ ამომრჩეველთან შეხვედრებზე იძულებული ხართ, ხვეწნა- მუდარით, შორეული სოფლებიდან – სამარშრუტო ავტობუსებით ჩამოიყვანოთ ხალხი და ასე თითო -კაცობით, ძლივს აგროვებთ ასამდე ადამიანს… ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის საყვარელი ადამიანებს – სპორტსმენებსა და მსახიობებს, ნუღარ აკადრებთ ამხელა ტყუილს. დღეს ან ხვალ ისინიც მიხვდებიან, რომ დიმიტრი ხუნდაძემ სპექტაკლები დაახვედრა სოფ. გალავანში და წილკანში.
მცხეთაზე კი საუბრობთ სრულიად გაუმართლებლად და დემაგოგიის მაღალი ხარისხით, მაგრამ რასაც ამბობთ თქვენ თავად არ გჯერათ, ხალხს კი გინდათ დააჯეროთ. მუდამ კარიერის კიბეებზე ფორთხვა, სხვის კისერზე- ჯდომა, სხვისი ნაშრომის ჭამა- სმა ადვილია. რას ვიზამთ, ზოგის პაპა – მეცხვარე იყო და ამაყობს ამით, ზოგის კიდევ დემაგოგი- ინტრიგანი და მალავს ამას… მცხეთელებმა და მცხეთის რეგიონში მცხოვრებმა ხალხმა ეს კარგად იცის. სრულიად საქართველო კი, 8 ოქტომბერს თვალნათლივ დაინახავს”, – ნათქვამია განცხადებაში.