ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 750 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

15/07/2022

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საგარეო ვაჭრობა ქვეყნებს შორის ბოლო წლებია, ზრდადი დინამიკით ხასიათდება. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. 2022 წლის 5 თვეში სავაჭრო ბრუნვა 42 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 38 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ჩინეთი, 11%-იანი წილით, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-2 ადგილს იკავებს.
ხაზი გაესვა ასევე თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში. აღინიშნა, რომ ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 750 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სატვირთო გადაზიდვების გაზრდის მიმართულებით. საქართველოზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფანი ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, გაზრდის TRACECA-ს დერეფნის კონკურენტუნარიანობას და დაეხმარება დამატებით ტვირთნაკადების მოზიდვას ჩინეთიდან საქართველოს გავლით, ევროპისა და უკუმიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0