ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშილმა, წეროვანში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მინის საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საწარმო „ელ-ჯი-ჯი“ „აწარმოე საქართველოში„ ინდუსტრიული კომპონენტით სარგებლობს.
უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ საწარმოში 7,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოყენებული იქნას ადგილობრივი ნედლეული და პროდუქცია, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ღირებულება შეიქმნას, ნაკლები იყოს იმპორტირებული პროდუქცია და გაიზარდოს უზრუნველყოფა. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების სამრეწველო კომპონენტი სწორედ ამას გულისხმობს და მოხარული ვართ, რომ წეროვანში ახალი საწარმო გაჩნდა, რომელიც 75 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის ადგილობრივებს. უახლოეს ხანებში კი გაფართოებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
კომპანია ელ-ჯი-ჯი 16 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიაში გაფართოვდა საწარმოო ხაზი, დაინერგა უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები, გადამზადნენ სპეციალისტები და გაიზარდა გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, მომხმარებელს ენერგოეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია უმოკლეს ვადებში მიაწოდოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საწარმოს მოდერნიზაციის შედეგად უკვე შესაძლებელია საქართველოში დიდი ფორმატის მინა-პაკეტების წარმოება და იმპორტით შემოსული პროდუქციის ადგილობრივი წარმოების მინა-პაკეტებით ჩანაცვლება. კომპანია კონკურენტუნარიანია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზრებზე და პროდუქციის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გატანას გეგმავს.