თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. მისი თქმით, გათვალისწინებულია შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ ძეგლის ავთენტურობა სრულად იქნება დაცული.
„მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა დაარსდა. მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, სადაც დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, სამუშაოების განხორციელების შედეგად, სახლ-მუზეუმის ავთენტურობა შენარჩუნდება, განახლდება ინფრასტრუქტურა. სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამით უკვე 17 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს. დღეის მდგომარეობით, უკვე 17 685–მა პენსიონერმა ისარგებლა. მათ 500-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება სხვადასხვა მედიკამენტზე, წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ძალიან მოქნილი და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებთ და პენსიონერებს ყველანაირად გვერდში დავუდგებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა და როგორ შეძლებენ სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების უფასოდ მიღებას.
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პროგრამის ბენეფიციარები არიან თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება. იმისთვის, რომ პროგრამით ისარგებლოთ, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგცემთ ცნობას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საჭირო მედიკამენტებს მიუთითებს. შემდეგ განათავსებს პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში. მოკლე ტექსტური შეტყობინებით თქვენ მიიღებთ თბილისის მერიისგან სპეციალურ კოდს და ამის შემდეგ შეგეძლებათ, მედიკამენტების ასაღებად მიმართოთ სასურველ აფთიაქს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში პარკი მოაწყო, რომელიც 27 მაისს ოფიციალურად გაიხსნება. მისი თქმით, პარკის გახსნასთან ერთად, პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კონცერტიც გაიმართება.
„სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში, 3.5 ჰექტარ ფართობზე არსებული პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს. მინდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს მადლობა გადავუხადო. მათ ჰქონდათ ავტოფარეხები და სხვადასხვა ტერიტორია შემოღობილი. ამ ყველაფრის დემონტაჟი მოხდა და მივიღეთ ძალიან დიდი სივრცე – კეთილმოწყობილი, განახლებული, მოწესრიგებული, გამწვანებული, რითაც სწორედ მოსახლეობა ისარგებლებს. პარასკევს, 20:00 საათზე პარკის ოფიციალური გახსნა გვექნება. პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში კი, გელა გნოლიძის ბენდის კონცერტი გაიმართება. გელოდებით ყველას სამგორის რაიონში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელებაც 15 ივნისიდან დაიწყება, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა. თბილისის მერის თქმით, მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.
„15 ივნისიდან უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი – მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, რადგან აქ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც უნდა მოწესრიგდეს. დედაქალაქში ამ თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, თბილისის მერია ცდილობს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას. ამას გარკვეული დისკომფორტი ახლავს, რისთვისაც, პირადად მე გიხდით ბოდიშს, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ქალაქის განახლება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება. მისივე თქმით, თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტს მონიტორინგს მუდმივად უწევს.
„ჩვენ წამოვიწყეთ უდიდესი რეფორმა, რომლის ფარგლებში, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩავანაცვლეთ და განვაახლეთ. ასევე, მიკროავტობუსები მთლიანად განახლდა. გვაქვს ახალი მარშრუტები, არის ბევრი სიახლე. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი შეიძლება იყოს, თუმცა, თბილისის მერია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. დაკვირვების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდეს. იგეგმება ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას. მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ამოქმედდება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისის მერის თქმით, საბავშვო ღონისძიებები დედაქალაქის სამ დიდ პარკში გაიმართება.
„თქვენ იცით, რომ პირველ ივნისს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. შესაბამისად, მერიამ დაგეგმა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საბურთალოს რაიონის, ვაკის რაიონისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობების ერთობლივი ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქის სამ დიდ პარკში: ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, „მზიურის“ პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი). ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე განცხადებით, 1-6 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გაიხსნება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი.
„კვირეულის ფარგლებში, 4 ივნისს, თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალიც გაიმართება. ფესტივალის მიზანია, გაზარდოს საბავშვო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე კომპანიების ცნობადობა. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია, არანაირი გადასახადი არ იქნება. მინდა, მივმართო მშობლებს, იაქტიურეთ და პირველ ივნისს შეგიძლიათ, თქვენი შვილები მიიყვანოთ სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი აბუთიძეს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანია და შევეხები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი აბუთიძეს, რომელიც ამ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის ტოვებს თანამდებობას და გადასვლას აპირებს კერძო სექტორში. მინდა, გიორგი აბუთიძეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა, გულწრფელად მინდა, წარმატებები გისურვო იქ, სადაც მიდიხარ. გულწრფელი მადლობა ჩვენგან გაწეული შრომისთვის, გათენებული ღამეებისთვის, ნერვიულობისთვისაც, თუმცა, ბევრი კარგი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული, რაც, რა თქმა უნდა, ეტყობა ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი ივანე ოტიაშვილი წარუდგინა.
„მინდა, ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომლის, თბილისის არქიტექტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსის, ივანე ოტიაშვილის საქმიანობა გაგაცნოთ. ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თბილისის მერიის სიძლიერე ასეთ გამოცდილ, კვალიფიციურ და პატიოსან თანამშრომლებშია. მადლობას ვუხდი ამ ადამიანებს 24-საათიან შრომისთვის. შეიძლება გარკვეულ პროექტებთან მე ვასოცირდებოდე, მაგრამ ჩემ უკან ადამიანების ჯარი დგას. ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ და გავამწვანოთ თბილისი. სიახლე შემოვიტანოთ დედაქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ივანე ოტიაშვილი თბილისის მერიაში 2008 წლიდან მუშაობს.
„მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროცესში. კერძოდ, აღმაშენებლის გამზირის, აბანოთუბნის, ლეღვთახევის, ქვემო და ზემო კალას, ბოტანიკურის და სიონის ქუჩების, ასევე, რიყის პარკის რეაბილიტაციაში. ამით ძალიან ვამაყობთ. ძველი თბილისის განახლება-მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თქვენ ხედავთ, როგორ გამოიყურება ორბელიანის, გუდიაშვილის მოედანი. ამაზე არ გავჩერდებით. განვაგრძობთ მსგავსი პროექტების განხორციელებას. ასევე, ბატონი ივანეს განყოფილების მიერ დამუშავდა მახათას მთაზე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის არქიტექტურული პროექტი. აი, ასეთი ღირსეული პროფესიონალები მუშაობენ თბილისის მუნიციპალიტეტში და სწორედ მათზე დგას ჩვენი უწყება. ბატონ ივანეს ხვალ უსრულდება 77 წელი. ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ მას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.