ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დასტაბილურდა თითქოს სიტუაცია

30/08/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა. მთავრობის მეთაურმა სხდომა ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველა ექიმს, რომლებიც გმირულად ემსახურებიან მოსახლეობას.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დასტაბილურდა თითქოს სიტუაცია და დამშვიდებისკენ მიდის პროცესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მთელი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად, მობილიზებულად მუშაობს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომლებიც გმირულად ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ადრეც ვთქვით და მინდა გავიმეორო, არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალური ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ.
ჩვენთვის მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის სწორედ აცრები და ყველას უნდა მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე ჩვენი 2 მილიონი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი – ერთჯერადად, ზოგი უკვე ორჯერადად აცრილი იქნება. ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდევაც გადატანილი. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საკმაოდ კარგად მიმდინარეობს აცრების პროცესი.

„მინისტრმა ასევე გააფართოვა ვაქცინაციის პროცესი თბილისშიც, ავტობუსებში დავიწყეთ ვაქცინაცია. ქალაქის მერიასთან ერთად, ერთობლივად დაალაგეს ეს პროექტი და კიდევ უნდა გაფართოვდეს პროცესი. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ რეგიონები, ვაქცინაციის მთლიანი არეალი უნდა გაფართოვდეს. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის, სამხედრო ექიმების ჩართულობა. მათი ბრიგადები კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სისტემასთან და რეგიონებში, სოფლად დადიან და ადგილზე ცრიან მოსახლეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სოფელში ეტაპობრივად უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და ადგილზე მოსახლეობას შევთავაზოთ უფასო აცრა. კარგი ტენდენცია მომდინარეობს, რომ მოსახლეობამ საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა ვაქცინის მიმართ. ეტაპობრივად იხსნება ის სკეპტიკური დამოკიდებულება, რაც მანამდე იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, ამის მნიშვნელობაზე კიდევ უნდა ვესაუბროთ ყოველდღიურად. პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება გაგრძელდეს და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 0,80 ლარს გადაიხდის, შავ ყურძენში, საფერავში – 1.00 ლარს. ხოლო ისინი, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3 000 ლარს მიიღებენ. პრემიერის დავალებით, ვიცე-პრემიერი და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ადგილზე ჩავიდნენ, შეიქმნა ოპერატიული შტაბი და მოსახლეობას პრობლემა ადგილზე მოუგვარდა.

„რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში. 5000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა. დაზიანდა ძალიან ბევრი ვენახი, ხეხილის ბაღები. ჩემი დავალებით, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ჩავიდნენ ადგილზე გუბერნატორთან ერთად, შეიქმნა ოპერატიული შტაბი და ადგილზე გადაუწყვიტეს და მოუგვარეს პრობლემა ჩვენს მოსახლეობას. კერძოდ, დაზიანებულ თეთრ ყურძენში 0,80 ლარს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში 1.00 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით. მათ, ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარი ხარჯით, ჩვენ თვითონ აღვუდგენთ და დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა. აღნიშნულ ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ, როგორც საცხოვრებელი, ასევე დამხმარე ფართები.

„დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0