ჩვენ ძალიან დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, ყველა საზღვარზე გაძლიერებულია კონტროლი, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში თურქეთთან საზღვარი ჩაიკეტება.
“ჯერჯერობით, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება, არანაირი არეულობა არ შეინიშნება. ვფიქრობ, ჩვენს მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს. ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები. გვქონდა ზარები ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომ ისინი აიყვანეს თვითმფრინავში და თვითმფრინავი ვერ გამოფრინდა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ და გვაქვს ცხელი ხაზები გახსნილი, როგორც სტამბულში, ასევე თბილისში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ამ წუთებში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმყოფება, რომლის მოწვევაც პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას გადაწყდა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ წუთისთვის ქართულ მხარეს შეშფოთების საბაბი არ აქვს, თუმცა თურქეთში განვითარებული მოვლენები შეშფოთების საფუძველს ბადებს.
“იმედი გვაქვს, მალე დაწყნარდება სიტუაცია და დაუბრუნდება ჩვეულებრივ კალაპოტს. უახლოეს პერიოდში დამატებით ინფორმაციას კიდევ მოგაწვდით. ჯერჯერობით, საქართველოს მხარეს არანაირი ინციდენტი არ ყოფილა, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე სიტუაცია საკმაოდ მშვიდია, ამიტომ არანაირი შეშფოთების საფუძველი ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია. საზღვრებზე კონტროლი გაძლიერებულია, თურქეთის მიმართულებით, სავარაუდოდ, ჩავკეტავთ და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება შემდგომი მოქმედების გზები, რა იქნება უფრო მიზანშეწონილი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურს მუდმივი კავშირი აქვს თურქეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, ასევე, ინფორმაციის მუდმივად მოპოვებაში ჩართული არიან საქართველოს შესაბამისი უწყებები.
ჩვენ ძალიან დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას,
16/07/2016