გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, საიდანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელიც მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა შესაძლოა, ფიზიკური პირების შემთხვევაში იყოს სამართლებრივი პრობლემაც და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.
„რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, ფიზიკური პირების შემთხვევაში შეიძლება სამართლებრივი პრობლემაც იყოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ხაზგასმით ვუთხრა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი აქვთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, სოციალური მომსახურების სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი”, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მათ მიეხმარება მაქსიმალურად სწრაფად, რომ ეს განაცხადები შეავსონ”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განცხადებით, დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი – 366 000 ოჯახი.
„მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ გვიწევს ყოველდღიური მუშაობა, იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების. მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უკვე ამოქმედდა და, დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ციფრებია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რომლის მიზანი გახლავთ 17 წლის ჩათვლით ბავშვების და მოზარდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც სასწავლო წელი იწყება. თუმცა ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.
„ამ განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რა თქმა უნდა, ეს დახმარება მივა ყველა იმ ოჯახამდე, ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ მსგავს მორალურ პრობლემებს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი სარგებელი პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ, აღარ შევხვდებით,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის – „დანერგე მომავალი” ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა. ის შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები. ეს პროგრამა ვაზსაც შეეხება.
„ივლისში ჩვენ რამდენიმე რეგიონში გვქონდა სტიქია. სეტყვის გამო განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი და რაჭაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა ჩვენს ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვნახეთ, რომ სეტყვის შედეგად ბევრ ჩვენს ფერმერს გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, იმისთვის, რომ აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები. რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად – რქაწითელი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებით დაიწყება.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რამეთუ ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ უფრო ხარისხიანი ჯიშებით ჩავანაცვლოთ როგორც ვაზი, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურები. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ფერმერების შემდგომ გაძლიერებას და მათ ეფექტურობას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის უცვლელად შენარჩუნებას, რაც, მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ვირუსის გავრცელებას, ეკონომიკური კრიზისი მაინც ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზულ კომპონენტად რჩება. როგორც ჩანს, ჩვენ, ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა, ბრძოლა მოგვიწევს რამდენიმე წლის განმავლობაში, იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის შესანიშნავი მაჩვენებლები, რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი და დავასრულეთ 2019 წელი, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, მთავრობის ძირითადი მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობაა.
„კრიზისთან ბრძოლა არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, სწრაფად გამოვიდეთ კრიზისიდან და ეს კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა, თითოეული ჩვენი ბიზნესმენის, მეწარმის და ქართული ეკონომიკისთვის. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, ჩვენი ძირითადი მიზანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც სასიხარულოდ, აღნიშნული იყო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად შეუნარჩუნა. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს მოხდა გლობალური კრიზისის პირობებში და ასეთი ქვეყანა ბევრი არ არის, რაც პირდაპირ ადასტურებს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ. Fitch-ის პროგნოზით, 2020 წლის ფაქტობრივი ეკონომიკური ვარდნა ჩვენ გვექნება დაახლოებით 4.8 პროცენტი, ხოლო 2021 წლიდან Fitch-ი პროგნოზირებს ეკონომიკური ზრდის უკვე პოზიტიურ მაჩვენებელს 4.5 პროცენტის ფარგლებში. ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. მიზანი მარტივია, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მინიმალური ზიანი ეკონომიკას და ეკონომიკა მოვამზადოთ ისე, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური ზრდის პირობებში, საქართველოს ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები. ჩვენ ეს შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ. მნიშვნელოვანია, ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად არ დაგვავიწყდეს ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, რათა საინვესტიციო და ბიზნესგარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უკეთესი. Fitch-ის რეიტინგის შენარჩუნება არის ძალიან ძლიერი მესიჯი საინვესტიციო გარემოსთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და აქვს სწრაფი აღდგენის პერსპექტივები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა იწყებს ახალ პროგრამას – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი”, რომლის პრეზენტაცია დღეს ამბროლაურში გაიმართება. ახალი პროგრამა არის შესაძლებლობა, რომ რეგიონული მასშტაბით გაიშალოს სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები და თითოეულმა გლეხმა ადგილზე შეძლოს სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება, ასევე ამ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა. ამ პროგრამის დროულად შემუშავებისთვის გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროებს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელიც მზად არის, გარკვეული რისკები აიღოს თავის თავზე და დაიწყოს მეწარმეობა, თავისი საქმე. აქამდე ყველა ეს პროგრამა თავმოყრილი გვქონდა შესაბამის სამინისტროებში – სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკის სამინისტროში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს რეგიონიდანაც უხდებოდა თბილისში ჩამოსვლა, რათა ამ პროგრამებს გაცნობოდა და ბენეფიციარი გამხდარიყო. დღეს, იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მივიდეს და მიიღოს ზუსტად ის მომსახურება, რომელსაც მიიღებდა თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად განხორციელდა და გვაძლევს შესაძლებლობას, რეგიონული მასშტაბით გავშალოთ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები და თითოეულ გლეხს აძლევს საშუალებას, საცხოვრებელ ადგილზე მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია, გახდეს ამ პროგრამების მონაწილე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროგრამის დაწყებას დავაანონსებთ ამბროლაურში. ესეც სიმბოლურია, რადგან რაჭას სტიქიის გამო ცოტა უჭირს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, სწრაფად გახდნენ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების მონაწილე და დაიწყონ ბიზნესი, საკუთარი საქმე, ასე გაძლიერდება ქვეყანა,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება, – შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტი, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტარონ.
„ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად, განსაკუთრებით ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დღემდე პრობლემა იყო მეოთხე ეტაპი, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე სახსრების გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევდათ. დღეის მდგომარეობით, ეს პროგრამა 8 000 ლარით იზრდება, რაც ფაქტობრივად ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელების გარეშე ჩაიტაროს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მძიმე სენს ებრძვის და ისინი შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე.