ჩვენ შევქმენით თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით

30/10/2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევები ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან, არად ბენკოსთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ანდრო ასლანიშვილთან ერთად, ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებაზე შეაჯამა.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო აქტიურად აგრძელებს ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანას.

„ჩვენ შევქმენით თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით; მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ლაბორატორიაში დასაქმებული პერსონალის ტრენინგები და მათი შესაძლებლობების გაძლიერება. ვგეგმავთ, ლაბორატორია რეგიონული მნიშვნელობის გავხადოთ და გავაფართოოთ სერვისების სპექტრი. უსაფრთხო წყალი უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, მდგრადი საარსებო საშუალებების შექმნისა და ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით; ჩვენთვის პრიორიტეტია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების თანამედროვე სტანდარტებით გამოკვლევა და მუდმივი მონიტორინგი “, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას წყლის ხარისხის კვლევისთვის უახლესი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა, რაც ლაბორატორიას აძლევს შესაძლებლობას გაზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები, თანამედროვე მეთოდებით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები და მომხმარებელს სერტიფიცირებული ლაბორატორიული მომსახურება შესთავაზოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს წყლისა და მდინარეთა აუზების დაცვას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ღონისძიების ბოლოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ევროკავშირის და ავსტრიის ელჩებმა და ღონისძიების სტუმრებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ. მინისტრმა, ევროპელმა დიპლომატებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მოსწავლეებმა, ახალი ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებით, სიმბოლურად, მდინარე მტკვრის წყლის ანალიზები ჩაატარეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო და კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0