იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
იუსტიციის მინისტრმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის ატარებს. თეა წულუკიანის თქმით, 2014 წელს საქართველომ გამოხატა პოლიტიკური ნება და მიუერთდა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციას, აიღო ამ ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის ვალდებულება და დაიწყო საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც შშმ პირების უფლებების უზრუნველსაყოფად შემუშავდა. კერძოდ, თეა წულუკიანი ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას შეეხო.
„ჩვენ შევიმუშავეთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით და კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე ირიბ დისკრიმინაციას საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონის აღსრულებაზე მონიტორინგს დამოუკიდებელ ორგანო − საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს.
თეა წულუკიანმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი დაწესებულებები შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასაქმებისათვის ახორციელებენ. დღესდღეობით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულია 25 შშმ პირი, რომელთაც ელექტრონული საქმისწარმოებისა და დისტანციურად მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება სახლიდან გაუსვლელადაც შეუძლიათ.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ადაპტირებულია და აღჭურვილია შესაბამისი საოფისე ინვენტარით, რაც შშმ პირებს ამ შენობებში მუშაობისა და გადაადგილების საშუალებას აძლევს. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები შეუფერხებლად სარგებლობენ იუსტიციის სამინისტროს მომსახურებებით, სერვისების განვითარების სააგენტომ კი 2015 წლიდან შშმ პირთათვის დაიწყო დოკუმენტების გაცემა დისტანციურ რეჟიმში. 2015 წლის განმავლობაში ამ სერვისით 20-ზე მეტმა შშმ მოქალაქემ ისარგებლა, მუშავდება ვებგვერდი უსინათლო პირთათვის.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი მუშაობს პროექტზე − „თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის“, რომელიც ითვალისწინებს უსინათლო პირებისთვის სააგენტოსადმი დამოუკიდებლად მიმართვის შესაძლებლობის შექმნას, მათ შორის, ყველა სახის წერილობითი დოკუმენტის ბრაილის შრიფტზე გადაყვანას და სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის ხელმისაწვდომობას/მოხმარებას შესაბამისი ხმოვანი პროგრამის გამოყენებით.
ფორუმი გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის კონვენციის საქართველოს მხრიდან რატიფიცირების 2 წლისთავს ეძღვნება. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი; ევროკავშირის (ЕU), გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროპის საბჭოს (Council of Europe), სხვა საერთაშორისო მისიების, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ჩვენ შევიმუშავეთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა
14/06/2016