ჩვენ შევაჯერეთ და დავასრულეთ მუშაობა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე

23/03/2023

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტი შესათანხმებლად წარუდგინა. სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ორწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი შესათანხმებლად წარუდგინა. სამოქმედო გეგმა შემუშავდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, შესაბამისს სახელმწიფო უწყებებთან, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
თეა ახვლედიანმა სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების, დასახული მიზნებისა და ამოცანების შესახებ, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პოლიტიკის განმახორციელებელ დარგობრივ სამთავრობო უწყებებსა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტის პროექტი მომზადდა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, რაც ითვალისწინებდა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების, თემით დაინტერესებული აქტორების, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის, საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მონაწილეობას. სამთავრობო კომისიის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი დოკუმენტი; დამსწრე საზოგადოების მხრიდან გეგმა შეფასდა როგორც ამბიციური და შედეგზე ორიენტირებული. უწყებებმა გამოთქვეს სრული მზაობა დოკუმენტით განსაზღვრული ქმედებების ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან აღინიშნა გეგმის შესრულების პროცესში განმახორციელებელ უწყებებსა და ინსტიტუციებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის აუცილებლობა. სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სამთავრობო კომისიის წევრი სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი უწყებების მინისტრის მოადგილეები, ასევე მოწვეული სტუმრის სტატუსით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერები და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ შევაჯერეთ და დავასრულეთ მუშაობა
ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამბიციურია გასული წლების გეგმასთან შედარებით, ეფუძნება და სრულად ითვალისწინებს დღემდე მიღწეულ შედეგებს, გამოვლენილ ტენდენციებს და ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებს; ამასთანავე, 2024 წლის ბოლოსთვის, მიზნად ისახავს ყველა პრიორიტეტული მიმართულებით ხელშესახები და მდგრადი შედეგების მიღწევას – იქნება ეს სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია, სამოქალაქო-პოლიტიკური მონაწილეობა, თუ კულტურათაშორისი დიალოგი. ჩვენ უზრუნველვყავით სამოქმედო გეგმის შემუშავების ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს წევრებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0