ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეიწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
„ამ ხელშეკრულების ხელმოწერით და ჩვენი აქტიური მუშაობით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოსტკოვიდ პერიოდში, როდესაც გვჭირდება აქტიური ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ, შემოვიყვანოთ ჩვენთან სხვადასხვა დარგში და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც შექმნის მძლავრ ჩარჩოს არა მხოლოდ იაპონიასა და საქართველოში არსებული საინვესტიციო აქტივების დასაცავად, არამედ ბიზნესის უცხო ქვეყანაში ინვესტირების წახალისების კუთხითაც. შეთანხმების ამოქმედება ძალიან კარგი გზავნილი იქნება იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება. ის უზრუნველყოფს ინვესტიციების დაცვას და საქართველოში ახალი ინვესტიციების ლიბერალიზაციას. ასე რომ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იაპონია-საქართველოს თანამშრომლობა ამ სფეროში კიდევ უფრო განვითარდება,“ – განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.
მინისტრის განცხადებით, შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ ძალიან აქტიურად იმუშავა როგორც ეკონომიკის სამინისტრომ, ასევე საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა. შედგა მოლაპარაკების ექვსამდე რაუნდი, რაც საბოლოოო ჯამში ხელმოწერით დასრულდა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, იაპონია საქართველოს ძალიან მნიშნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. მისი თქმით, საქართველოში ბოლო 10 წელში 150 მილიონზე მეტი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა.
„ეს ვერ ასახავს რეალურ პოტენციალს, რომელიც გაცილებით უფრო მაღალია. ასევე ძალიან ბევრია ტექნიკური დახმარების პროგრამები, რაც იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბოლო ერთ წელიწადში, პანდემიის მიუხედავად, ისეთი მსხვილი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა, როგორიც არის საქართველოში იაპონური გიგანტი კორპორაციის „ტეპკოს“ შემოსვლა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიცია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.