ჩვენ უნდა გამოვიდეთ თეორიული ჩარჩოებიდან და უნდა ვიყოთ უფრო თამამები, აქტიურები და პრაქტიკულები

25/12/2020

რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი განიხილეს და 81 ხმით, ერთხმად მიიღეს. საკითხი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა.

„უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი პროექტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდა, ეს იყო „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. ქართული საზოგადოებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არის ისტორიული არჩევანი, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისად, ეს რეზოლუცია ეყრდნობა სწორედ, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ არჩევანს და კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალებს ხელისუფლების ყველა შტოს, რომ იმუშაონ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისთვის. შესაბამისად, ეს არის ამ რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება, თუმცა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ნომერი პირველი ამოცანა არის ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. სწორედ, ეს არის რეზოლუციის პირველი პუნქტი – რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციის პროექტში ასახულ მიმართულებებზე. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დაპირებას, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა მოემზადებოდა, გარდაიქმნებოდა ევროპულ სახელმწიფოდ და ექნებოდა ღირსეული უფლება იმისა, რომ გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე.

„ეს რეზოლუცია ცალსახად დაავალებს ხელისუფლების ყველა შტოს, რათა იმუშაონ, რომ 2024 წელს ეს პროგრამული დაპირება ახდეს და იქცეს რეალობად“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც რეზოლუცია საუბრობს, არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება.

„ჩვენ გვაქვს უამრავი ხელშესახები პარტნიორობის ფორმატი ნატო-სთან და ყველა ამ ფორმატის გამოყენება არის აუცილებელი, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს – ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებას. აქედან გამომდინარე, რეზოლუციის მესამე პუნქტი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოსთვის ნატო უალტერნატივო სივრცეს წარმოადგენს და ხელისუფლებას ავალებს, რომ ქვეყანა ნატოს წევრობისთვის მოამზადოს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქვეყანა იყოს მზად ნატოში წევრობისთვის“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე.

„საქართველოსთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. სწორედ ამ ქარტიის სრულად ამოქმედებას და გაღრმავებას ავალებს ეს რეზოლუცია ხელისუფლებას მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობაში ასევე, გამოყოფილია პრიორიტეტული მიმართულებები – თავდაცვა და უსაფრთხოება, თავისუფალი ვაჭრობა, საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავება და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთი რაც აუცილებელია, ეს არის ამერიკული ინვესტიციების ზრდა საქართველოში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, საქართველოს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები ევროპაში და ზოგადად, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო.

„თუმცა, ევროპის კონტინენტზე არიან სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, რომელსაც საქართველოსთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ასევე, ჩვენი ტრადიციული მეგობარი ქვეყნები გერმანია, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სუვერენიტეტის და ზოგადად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში. ასევე საფრანგეთი, რომელიც მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები და ასევე, ბალტიის სახელმწიფოები, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერენ საქართველოს ნებისმიერ ფორმატში. რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავება არის პრიორიტეტული მიმართულება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან გამოსვლისას, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტულობასაც გაუსვა ხაზი. ასევე, აღნიშნა თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა, სომხეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები.

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობების გაღრმავება, განვითარება და ახალ დონეზე აყვანა იქნება პრიორიტეტი. საქართველო წარმოადგენს შავი ზღვის ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გვექნება გადასადგმელი. კერძოდ, შავი ზღვის ქვეყნებთან – უკრაინასთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან იმ სტრატეგიული პოტენციალის სრულად ათვისება რომელიც ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში არსებობს“, – განაცხადა მომხსენებელმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარ გამოწვევად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა დაასახელა. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის წარმოებას, რომლის ნომერ პირველი ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცება. მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება მოხდეს რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება, ამ საფრთხეებთან გამკლავება და მათი თავიდან აცილება.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, საკომიტეტო განხილვების შემდეგ, რეზოლუციაში გაჩნდა ახალი პუნქტი რომელიც ეხება იმ საერთაშორისო დავებს, რომელსაც საქართველო აწარმოებს. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულის საერთაშორისო დავებზე აქტიურ მუშაობას მანამ, სანამ საბოლოო წარმატება არ იქნება მიღწეული.

„ამ დავების აღსრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელთა უფლებებიც დაირღვა რუსეთის ფედერაციის მიერ ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმეები გაამყარებს და კიდევ უფრო მეტ სამართლებრივ ნიადაგს შეუქმნის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის, რომელიც მიისწრაფვის ჰარმონიული და მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ და ასევე, ეკონომიკური განვითარებისკენ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპისა და სამეზობლო ქვეყნებთან ურთიერთობა, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა.

„შესაბამისად, ამ რეზოლუციაში ხაზია გასმული რომ ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და კორეასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რომელთანაც ჩვენ ტრადიციულად გვაკავშირებს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობები, ამ მიმართულებითაც ურთიერთობების გაღრმავება იქნება პრიორიტეტული და ასევე, იმ გამოწვევების ფონზე რომელიც არსებობს მსოფლიოში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კავშირები გავაძლიეროთ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან, აფრიკის ქვეყნებთან და ოკეანეთის ქვეყნებთან“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მომხსენებლის თქმით, საქართველო კვლავ გააგრძელებს აქტიურად მონაწილეობს მრავალმხრივ ფორმატებში ასევე, იმისთვის, რომ საქართველოსთვის ხელშესახები შედეგები იქნას მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციებში – სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერის მობილიზებაზე – იქნება ეს ლტოლვილთა დაბრუნების რეზოლუციები თუ მდგრადი განვითარების გეგმებზე მხარდაჭერის მიღება. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება მშვიდობას და უსაფრთხოებას, საქართველო არის პასუხისმგებლობით აღსავსე პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის და ის კვლავ გააგრძელებს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას პარტნიორების მხარდამხარ.

„ასევე, საქართველო აქტიურად ჩაერთვება იმ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც დღეს მსოფლიოს აწუხებს იქნება ეს კლიმატის ცვლილება თუ პანდემიასთან ბრძოლა“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მომხსენებელმა რეზოლუციის პროექტის წარდგენისას, განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებსა და ქართველებზე ზრუნვა ასევე იქნება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი.

„აქტიური საგარეო პოლიტიკით, ჩვენ ხელს შევუწყობთ, როგორც მათი ინტერესების დაცვას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ასევე მათი კულტურული და საგანმანათლებლო კერების ხელშეწყობას“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მან ასევე აღნიშნა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, რის გამოც რეზოლუციაში ასახულია, რომ საგარეო პოლიტიკის წარმოებაში აუცილებელია თითოეული მოქალაქის აზრის გათვალისწინება და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

„საქართველოს პარლამენტი, როგორც ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს, კონსტიტუციის და რეგლამენტის ფარგლებში განახორციელებს, როგორც საპარლამენტო დიპლომატიას ასევე, მაქსიმალურად გამოიყენებს რეგლამენტით მინიჭებულ ახალ ბერკეტებს და გაუწევს ეფექტიან ზედამხედველობას საქართველოს მთავრობას, იმისთვის რომ ის გეგმები და მიმართულებები, რომელიც დასახულია საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში , შესრულებული იქნას მომავალი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ, რის შემდგომაც პარლამენტის წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

სხდომაზე „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ წარადგინა. დადგენილების მიხედვით, 2021 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) განისაზღვრა არაუმეტეს 37 000 კაცით. მისი განმარტებით აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს. აგრეთვე, თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. „ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც იძლევა თავდაცვის სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას. დღესვე, პარლამენტმა „2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, დოკუმენტში ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2021−2023 წლებისთვის. დადგენილების პროექტის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2021-2023 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური და სხვა გლობალური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.

„წინ გველის გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკები და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით რთული წლები. პანდემიამდელ მასშტაბებს ეკონომიკები უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საკითხზე თანამომხსენებელმა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით 2021 წელს იქნება გაზრდილი რისკები და მონეტარული რყევები, რისთვისაც ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს. „წელს ეროვნულმა ბანკმა 850 მილიონ დოლარზე მეტი ინტერვენცია განახორციელა ბაზარზე, მომავალ წელსაც მოუწევს მნიშვნელოვანი ინტერვენციების გაკეთება. სავარაუდოდ მოუწევს პოლიტიკის გამკაცრებაც, თუმცა ჩემი აზრით, ინფლაციის 3%-იან ნიშნულთან მოახლოება 2021წლის ბოლოს საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს,“ – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარალამენტო ტრიბუნიდან და ეროვნულ ბანკს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ თეორიული ჩარჩოებიდან და უნდა ვიყოთ უფრო თამამები, აქტიურები და პრაქტიკულები. ეს პირველ რიგში ეროვნულ ბანკს ეხება,“ – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ქირურგივით, რომლის ლანცეტმაც უნდა მოაშოროს პრობლემა და თან არ უნდა დააზიანოს ჯანსაღი ნაწილი.

„ეს ადვილი არაა თანამედროვე ძნელად პროგნოზირებად გარემოში, თუმცა არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც კია,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ და პარლამენტმა მთელი რიგი რეფორმები განახორციელა ეკონომიკის მიმართულებით. „ამით ჩვენ შევქმენით საფუძველი გრძელვადიანი ფისკალური, მონეტარული, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. რომ არა ეს რეფორმები, დღეს საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. თუმცა ჩვენს სინამდვილეში, საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით, (მხედველობაში მაქვს მაღალი დოლარიზაცია და იმპორტდამოკიდებულობა) ლარის კურსის ვარდნა პრაქტიკულად მოსახლეობის და ბიზნესისათვის ,,გადასახადის გაზრდაა“, ანუ იგივე ეფექტის მატარებელია. აი აქ უნდა მოხდეს ძალიან ზუსტი, ფაქიზი და რაც მთავარია თავისდროული მოქმედებები ეროვნული ბანკის მხრიდან,“ – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0