ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს

29/09/2016

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ყველაზე პასუხისმგებლობიანი, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და პირნათლად გვატარებს წინ, ჩვენი წინაპრების წინაშე, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლდანის მოსახლეობას, რომელსაც რაიონში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი და ლევან კობერიძე წარუდგინა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს იმ მიღწევას, რასაც დიდი პოლიტიკური ცვლილება, მშვიდობიანი არჩევნები, ადამიანის ღირსების დაცვა და ადამიანის ყველაზე მაღალ ფასეულობად მიჩნევა ჰქვია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში აღარასოდეს გაითელება ფეხქვეშ ადამიანის ღირსება, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა.

“მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ხალხი შეიცვალა, დღეს ყველაზე მეტად ფასობს არა გიჟური, ზედმეტად ემოციური მოწოდებები, არა ის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ გაუმართლებელი რისკებისა და საფრთხეების წინაშე, არამედ ის, რომ სტაბილურად, მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან ჩქარა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ, გაცილებით უფრო გაფერადებული, გაცილებით უფრო განვითარებული, გაცილებით აგუგუნებული ქვეყნისაკენ და ყველანი ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მოსახლეობა ქალაქიდან სოფელს უბრუნდება, სადაც საკუთარი საქმის წამოწყებისა და ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობაა.

“აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ დღეს ადამიანები ქუჩაში აღარ იხოცებიან და აღარავინ იჩაგრება უსამართლოდ. ეს ყველაფერი ჩვენი მონაპოვარია და იმის შედეგია, რომ 2012 წლიდან საქართველო განვითარების აბსოლუტურად განსხვავებულ რელსებზე გადავიდა. ჩვენი ქვეყანა დღეს სრულიად სხვა რამეს უყრის კენჭს და სხვა რამის გამო მიდის არჩევნებზე – იმიტომ, რომ აღარ უნდა წარსულში დაბრუნება, ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, მშვიდი ცხოვრება, ისეთი საქართველო, სადაც ადამიანები არ ხრავენ, არ ჭამენ ერთმანეთს და არ აყენებენ შეურაცხყოფას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, გააერთიანოს ქვეყანა, საზოგადოება და
ასე მოიტანოს უკეთესი მომავალი.

“მინდა, კიდევ ერთხელ გაგამხნევოთ, მიუხედავად იმისა, რასაც ისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო დააბრუნონ წარსულში, ეს ვერ მოხერხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობა დღეს მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის სიყვარულის გარეშე, საკუთარი ქვეყნის წინსვლის სურვილის გარეშე, რომელსაც აქვს ძალიან ნათელი, კარგად წარმოდგენილი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, როგორ უნდ გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემა, როგორ დავაფასოთ მეტად ჩვენი პედაგოგები, როგორ შევცვალოთ ინფრასტრუქტურა, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო პირობები კერძო სექტორისთვის, მეტი დასაქმება მოვიტანოთ ქვეყანაში და როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის სისტემა, რომ მეტად იყოს ორიენტირებული თითოეული ადამიანის მომსახურებაზე. ჩვენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მოსამსახურეები ვართ, მაგრამ ამავე დროს, გაცნობიერებული გვაქვს ის როლი, რომელიც ჩვენ დაგვეკისრა და გულისხმობს იმას, რომ დღეიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ უნდა მივიყვანოთ დანიშნულების ადგილას ჩვენი ქვეყანა და ეს დანიშნულების ადგილი უნდა იყოს გაჩირაღდნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, დაქოქილი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობას მიიტანს ყველა თქვენგანის ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ახალი, კომპლექსური სარაგბო ბაზის შესახებ, რომელიც მარტყოფში დღეს გაიხსნა და განაცხადა, რომ რაგბი არის სპორტის ის სახეობა, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ადამიანების გვერდში დგომა.

“სწორედ ეს არის ქართველების დამახასიათებელი ყველაზე საჭირო თვისება, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ დღეს და ყველას, ვინც ქართველი ხალხისგან, საქართველოს მოსახლეობისგან პასუხს ელოდება, 8 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ – ჩვენ გავაცნობიერეთ ის წარმატებები, რომლებსაც მივაღწიეთ, ვუფრთხილდებით ამ წარმატებებს, უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და კიდევ უფრო სწრაფად უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ისე, რომ არც ერთი უდანაშაულო ცრემლი აღარ უნდა ვნახოთ საქართველოში. ყველა ბავშვი უნდა ვნახოთ გაღიმებული, ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ღირსება ჩვენს ხალხს და ხელის გულზე ვატაროთ ყველა ის სანუკვარი გრძნობა, სითბო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, რომლის მოსპობასაც სამწუხაროდ შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანის გულში სანთელივით, ჩირაღდანივით ანთია, ის ერთმანეთის გაფრთხილების ყველაზე ძვირფასი გრძნობა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ამას გავუფრთხილდეთ, მეგობრებო, და თუ ამას გავუფრთხილდებით, ყოველთვის ვიქნებით წარმატებულები, ყოველთვის მოვიტანთ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის, რისიც მე მჯერა ჩემი გონების, ჩემი სხეულის ყველა უჭერდით და ამით ვცოცხლობ, ამით ვსუნთქავთ ეს გუნდი, რომელსაც ახლა ხედავთ და ამიტომ მჯერა, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რეალური იქნება”, – მიმართა პრემიერმა მოსახლეობას და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ “ქართული ოცნების” გამორჩეულ კანდიდატებს – კობა კობალაძეს, ლევან კობიაშვილსა და ლევან კობერიძეს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, თითოეული მათგანი, საამაყო ადამიანია.

“კობა გამორჩეული პატრიოტია, გენერალი კობალაძე არის ადამიანი, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე; ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენა და არის გმირი, ყველა მისი თანატოლისთვის და არა მხოლოდ მათთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის შეფასებით, გამორჩეული პარლამენტარი იქნება ლევან კობიაშვილი, რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანია. “მან არაერთი გამორჩეული წუთი აჩუქა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, ბევრი სიხარული მოგვიტანა ჩვენ და არის ადამიანი, რომელიც გულანთებული დაიცავს თითოეული თქვენგანის ინტერესს საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ძალიან პერსპექტიული ახალი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვის, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ლევან კობერიძე. “ლევანი არის განსაკუთრებული ადამიანი, გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, სტრატეგიული მარკეტინგის პროფესიონალი, რომელმაც ძალიან სერიოზული გამოცდილება მიიღო კერძო სექტორში მუშაობით და, კობასთან და ლევანთან ერთად, არის ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0