„ჩვენ ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მეშვეობით, შიდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაცილებით მაღალ დონეს მივაღწიეთ და ახლა ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში – ესაა ის როლი, რომელსაც ახლა საქართველო რეგიონში ასრულებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეებთან, კონფერენციაზე „თავისუფლების საზღვრები – საუბარი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებთან“ მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ სამი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთო გამოწვევები, ძირითადად, რუსეთის აგრესიას უკავშირდება.
„გვაერთიანებს გამოწვევები, რომლებიც, ძირითადად, რეგიონულ პრობლემებსა და გამოწვევებს, რუსეთის აგრესიას უკავშირდება. სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საქართველოს რეგიონები-აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია. იმავე პრობლემები აქვს უკრაინასა და მოლდოვას. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევისა და რესურსის გაერთიანება და ერთობლივი ბრძოლა ჩვენი ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დასაცავად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ საერთო მიზნებიც, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ასახულია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
„ჩვენ საკმაოდ თანმიმდევრულნი ვართ ჩვენს ძალისხმევაში, რათა ჩვენი ქვეყნები გახდნენ ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ესაა ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, რაც ასახულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის არჩევნების შემდგომ მალევე მიღებულ რეზოლუციაში. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია. გარდა ამისა, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი, საკვანძო სტრატეგიული პარტნიორია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას მკაფიო ხედვა აქვს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავშირდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ პრაგმატული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებით ახორციელებს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზანია.
„საქართველო რუსეთთან მიმართებით, პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ ამასთან ერთად, გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები, რომლებიც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას და ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას უკავშირდება. ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას. დეოკუპაცია არის მთავარი ეროვნული მიზანი საქართველოსთვის და ამისთვის, ძალიან თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ჩვენს ძალისხმევაში. რაც შეეხება პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით – ჩვენ ამ ქვეყნის მხრიდან მძლავრი აგრესია განვიცადეთ. ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მეშვეობით, საშინაო სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაცილებით მაღალ დონეს მივაღწიეთ და ახლა ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. ახლა ესაა ის როლი, რომელსაც საქართველო რეგიონში ასრულებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტი გაყინული არ არის და მას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი, გატაცებები და ადამიანის უფლებების დარღვევა მოაქვს.
„ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მძიმეა. ჰუმანიტარული მდგომარეობა არის ცუდი და მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ცხოვრობენ, ყოველდღიურად სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან. ადამიანების გატაცება რეგულარულად ხდება. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე ცხინვალის რეგიონში მოკლეს, რამაც ცხადყო, რომ ოკუპირებულ რეგიონებში კონფლიქტი და იქ არსებული ვითარება, მხოლოდ გაყინული კონფლიქტი არ არის. ხანდახან ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ამ კონფლიქტს ადამიანებისთვის სიკვდილი, ადამიანის უფლებათა დარღვევა მოაქვს. სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ პრობლემაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, არამედ ეს არის კონფლიქტი, რომელსაც ყოველდღიურად მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი, გატაცება და ადამიანის უფლებების დარღვევა მოაქვს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საერთო გამოწვევებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სამმა ქვეყანამ ძალისხმევა გააერთიანოს.
მისი თქმით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საპარლამენტო ასამბლეა დააფუძნეს, რომლის პირველ სესიასაც საქართველო სექტემბერში უმასპინძლებს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ასამბლეა სამ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის პროცესს დაუდებს სათავეს. ამ კონტექსტში, მან ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი ქვეყნის პარლამენტის სპიკერის ერთობლივი ვიზიტის მნიშვნელობა.
„ჩვენ შევქმენით ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით, საპარლამენტო ფორმატში. დაფუძნდა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წარმატებული ფორმატი იქნება. ჩვენ უკვე გვქონდა გარკვეული შეხვედრები, შევხვდით სამმხრივ ფორმატშიც. ახლა, ერთობლივად ვიმყოფებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ამერიკელი კოლეგების წინაშე საერთო გზავნილები გაგვეჟღერებინა.
ვფიქრობ. შედგა საკმაოდ წარმატებული ვიზიტი. სექტემბერში, საპარლამენტო ასამბლეის სესიას თბილისში ვუმასპინძლებთ, რომელიც სამ ქვეყანას შორის ძალიან წარმატებული თანამშრომლობის პროცესს დაუდებს სათავეს. მინდა, ჩემს უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს მადლობა გადავუხადო მათი ძალისხმევისა და ენთუზიაზმისთვის. მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საბოლოოდ, საერთო მიზნებს მივაღწევთ. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვიქნებით თანმიმდევრულნი. განვახორციელებთ შესაბამის რეფორმებს. ამ რეფორმებს მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის არ ვახორციელებთ. ამას ვაკეთებთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიის. ეკონომიკის გასაძლიერებლად. ამ თანმიმდევრულობითა და ენთუზიაზმით, იმედი გვაქვს, რომ დასავლური ოჯახის სრულუფლებიანი წევრები გავხდებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ევროკავშირსა და ნატოსთან ღირებულებების მხრივ დაახლოებაზე გაამახვილა.
„ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის დაახლოება და ამ მხრივ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირსა და ნატოსთან. პირველ რიგში, ვგულისხმობთ დაახლოებას ღირებულებების მხრივ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატია, ჩვენი საზოგადოებები, რათა, ბოლომდე გავიზიაროთ ის ღირებულებები, რომლებზეც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახია დაფუძნებული. ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. ქართველ მოსახლეობაში ამის სურვილი, მხარდაჭერა და მოტივაცია ძალიან მაღალია და გვწამს, რომ სწორედ ამ მაღალი მოტივაციითა და მხარდაჭერით, საბოლოო მიზნებს მივაღწევთ“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.