პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღას არა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა, არამედ პროცესის ბოლომდე მისაყვანად, სრული კონსენსუსი სჭირდება. აღნიშნული განცხადებით ბესელია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ მიმართვას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის სასამართლო სისტემის რეფორმის ბოლომდე მიყვანა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა და საკითხისადმი საჭიროა არა პოლიტიკური განწყობებით და ცალკეული განცხადებებით შეხმიანება, არამედ ერთობლივი, სისტემური, ყველა მხარის ჩართვით პროცესის ბოლომდე მიყვანა.
”ჩვენ რეფორმის ორი ეტაპი განვახორციელეთ. მესამე ეტაპი ბოლომდეა მისაყვანი. არ გამოირიცხება არც ის, რომ ახალი კანონის ამოქმედების პროცესში კიდევ სხვა საჭიროებები დავინახოთ, რადგან სასამართლო ხელისუფლების სრული დამოუკიდებლობისთვის და არსებული პრობლემების სრულად აღმოფხვრისთვის, საჭიროა კომპლექსური მუშაობა არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, არამედ კანონმდებლობის აღსრულების პროცესში ყველა მონაწილე პირის აქტიური ჩართვით – პირველ რიგში, საჭიროა თავად სასამართლო ხელისუფლების მზაობა”, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ დაწყებულია საარჩევნო პროცესი, პარლამენტი სხვა რეჟიმზეა გადასული, რის გამოც, სხდომის მოწვევა, არარეალურია.
”დაწყებულია საარჩევნო კამპანია. პარლამენტი სხვა რეჟიმზეა გადასული. არ მგონია, საშემოდგომო სესიის გახსნამდე სპონტანურად შეკრება რეალობასთან ახლოს იყოს. მით უფრო, რომ ამ რეფორმასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები კონსენსუსს და შეჯერებას მოითხოვს. საჭიროა, რომ ეს ძალიან კარგად იყოს გააზრებული და საბოლოოდ, კენჭისყრისთვის შეთანხმებული მოდელი იყოს წარდგენილი. სექტემბერში სესიას გავხსნით, მაგრამ რიგგარეშე სესია არ იგეგმება, ხოლო სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი ერთჯერადი აქტი არ არის – არც შეკრების და არც დიალოგის თვალსაზრისით. ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. ეს მუდმივი პროცესია და საჭიროა, რომ პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ“, – აცხადებს ბესელია.
მან აღნიშნა ისიც, რომ პრობლემაა არა პარლამენტის სხდომის ჩატარება, არამედ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა.
”ამას რიგგარეშე სხდომა კი არ სჭირდება, არამედ პროცესის ბოლომდე მიყვანა და სრული კონსენსუსი. სხდომის ჩატარება კი არ არის პრობლემა, არამედ მთავარია, სხდომა მზად იყოს იმის შესახებ, თუ რა მოდელს ვღებულობთ, რადგან აზრთა სხვადასხვაობა იყო. განსხვავებული მოსაზრება ”რესპუბლიკელებსაც“ ჰქონდათ და სხვა ფრაქციებსაც. საჭიროა, დარჩენილ რამდენიმე საკითხზე შეთანხმება“, – განაცხადა ბესელიამ.