სასურველია, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორისაც ისეთივე ერთიანობა და ურთიერთგაგება იყოს, როგორიც ეს კოალიცია “ქართული ოცნების” სუბიექტ პარტიებს შორისაა, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხანდახან, საქართველოს უფრო მეტი საფუძველი აქვს, დაბნეული იყოს ნატოს წევრი სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლების პოზიციებით, ვიდრე ნატოს – საქართველოს ხელისუფლების პოზიციებით.
“ვისურვებდი, ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის იყოს ისეთვე ერთიანობა და იმ დონის ურთიერგაგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორი ურთიერთგაგებაცაა კოალიციის სუბიექტ პარტიებს შორის იმის თაობაზე, საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანეს თუ არა. ასე რომ, დაბნეულობაზე თუ ვსაუბრობთ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მგონი ხანდახან ჩვენ გვაქვსო ხოლმე მეტი საფუძველი, ვიყოთ დაბნეული ნატოს წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა წარმომადგენლების პოზიციებით, ვიდრე ნატოს და მის წევრ სახელმწიფოებს აქვთ რაიმე საფუძველი, იყოს დაბნეული იმის თაობაზე, რა სურს საქართველოს ხელისუფლებას და ასე შემდეგ. საქართველოს პოზიციები გამოხატულია არაერთ განცხადებაში, დეკლარაციაში, ჩვენს პოლიტიკურ კურსში, მიმდინარე მოლაპარაკებებში, ნატოსთან, მის წევრ სახელმწიფოებთან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან ბევრჯერ არის განმარტებული და დადასტურებული და თუ ვინმე მაინც გააკეთებს აქცენტს იმაზე, რომ უმრავლესობაში ისინი ხედავენ ერთ ან ერთნახევარ ადამიანს, რომელსაც კითხვები აქვს ამ პროცესთან დაკავშირებით და ამაზე გააკეთებენ აქცენტს, ეს იქნება საბაბი და არა მიზეზი რაიმესი. ამიტომ, მე ასეთ პირდაპირ კავშირს ვერ დავინახავ ამ მოვლენებს შორის. ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი მიდის წინ, ჩვენ გვინდა, რომ იყოს უფრო სწრაფი ტემპებით, რეალობა ისეთია, რომ ეს ტემპები ვერ არის ისეთი სწრაფი, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ წარმოვიდგინოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტემპით უკმაყოფილების გამო, ჩვენ მიმართულება უნდა შევცვალოთ ან ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვა მიმართულებით წავიდეთ. ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები ტემპის დასაჩქარებლად, გასაზრდელად და არა ილუზიები, რომ სხვა გზით უკეთ იქნება ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაზების სწორედ ამ ტერიტორიებზე განლაგება მის სამხედრო დანიშნულებასა და პერსპექტივაზე მიუთითებს. უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და პარტნიორი ქვეყნების სიმტკიცეზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა რუსეთი სამხედრო ჩანაფიქრების განხორციელებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განლაგებული სამხედრო ბაზების დახმარებით.
“ყველასთვის ცხადია, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების განლაგება იმით არ არის განპირობებული, რომ რუსეთში სხვაგან ვერ მოიძებნა ტერიტორიები ბაზების განსალაგებლად. რაღაც ტიპის სამხედრო მნიშვნელობა აქვს ამ სამხედრო ბაზების სწორად აქ, თბილისთან 40 კილომეტრში განლაგებას. ეს ჩვენს ჭკუაზე, პოლიტიკაზე, ჩვენი პარტნიორების სიმტკიცეზე, ასევე, მათ პოლიტიკაზეა დამოკიდებული ამ ტიპის რაიმე სამხედრო ჩანაფიქრები განხორციელდება თუ ვერ განხორციელდება. თორემ, თავისთავად, კიდევ ვიმეორებ, ამ ბაზების აქ განლაგება რუსეთის ტერიტორიის სიმცირის გამო რომ არ არის გამოწვეული და სწორედ ამ ტერიტორიაზეა გამიზნული და ამას რაღაც სამხედრო დანიშნულება თუ პერსპექტივა აქვს, ეს ცხადია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.