საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. საკითხი სხდომაზე განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სამი ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პარლამენტების მონაწილეობით ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო სამმხრივი თანამშრომლობა პირველ რიგში, საპარლამენტო ფორმატში და ჩვენი ამოცანაა ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და მისთვის ინსტიტუციონალიზებული სახის მიცემა. სწორედ, ამისთვის შემოთავაზებულია ერთობლივი ასამბლეის შექმნა. ამასთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება როგორც უკრაინელ ასევე, მოლდოველ კოლეგებთან. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები და საერთო ამოცანები. ჩვენი საერთო მიზანი არის ევროინტეგრაცია, საერთო გამოწვევა გახლავთ ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთის ფედერაციასთან არსებული პრობლემები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პირველი სესია საქართველოში სამივე ქვეყნის პარლამენტების დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება.
„ამასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში, ოქტომბრის დასაწყისში დაგეგმილია პირველი ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
ირაკლი კობახიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი) – ფრაქცია „ქართული ოცნება“;
სოფიო ქაცარავა (დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე) – ფრაქცია „ქართული ოცნება“
თამარ ხულორდავა – ფრაქცია „ქართული ოცნება“
გიორგი მოსიძე – ფრაქცია „ქართული ოცნება“
ისკო დასენი – ფრაქცია „ქართული ოცნება“
კახაბერ კუჭავა – ფრაქცია „ქართული ოცნება“
დავით მათიკაშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნება“
სერგი კაპანაძე – ფრაქცია „ევროპული საქართველო“
სალომე სამადაშვილი – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“
გიორგი ლომია – ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“
„ეს არის დროული გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს როგორც საერთო ინტერესები ასევე, საერთო გამოწვევები. ის ამოცანა რომელიც ჩვენ, სამივე ქვეყანას გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, ძალისხმევის კოორდინაციით კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.