ჩვენ მივესალმებით ნატო-ს მზადყოფნას

27/10/2016

“ჩვენ მივესალმებით ნატო-ს მზადყოფნას აქტიურად იმუშაოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით. გუშინ, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რომლებიც სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ, განიხილეს ალიანსის შიგნით ვარშავის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხები და ამ თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები.
როგორც ცნობილია, ალიანსმა ვარშავის სამიტზე გადაწყვიტა გაზარდოს სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში, ასევე ხელი შეუწყოს სტაბილურობის გავრცელებას მის საზღვრებს გარეთ და დაეხმაროს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერებაში.
ჩვენ მივესალმებით ალიანსის სამხედრო ყოფნის და აქტივობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.
საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, მხარს უჭერს ალიანსის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი. მნიშვნელოვანია რომ ალიანსმა დაიწყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ალიანსის დისკუსიებში.
მისასალმებელია, რომ ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობა აღნიშნულია ვარშავის დეკლარაციაში.
თავის მხრივ, საქართველო მზად არის განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევრო-ატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში” – მიხეილ ჯანელიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0